ლენტეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ხერიაში მდებარე ე.წ. ნახევარხიდის რეაბილიტაცია თითქმის ნახევარი წელი გაჭიანურდა და დღემდე მოუგვარებელ პრობლემად რჩება. ხიდი ზუსტად ნახევრად არსებობს და შედეგად მის მიღმა მცხოვრებ ოჯახს სხვა ადამიანებთან კონტაქტი ფიზიკურად არ შეუძლიათ. ინფორმაციას “კომერსანტი” ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, „ნახევარხიდის“ რეაბილიტაცია 6 მაისს განახლდა და 10 დღის ვადაში უნდა დასრულდეს.
“ადგილზე სამუშაოები სექტემბერში, ტენდერში გამარჯვეულმა ქუთაისურმა კომპანიამ TU-KA-მ დაიწყო, თუმცა ნოემბერში უამინდობის გამო შეჩერდა. გადაწყდა, რომ სამუშაოები 1 აპრილს განახლდებოდა, მაგრამ მოხდა გაუთვალსწინებელი შემთხვევა. კერძოდ, ადიდდა წყალი და გრუნტშიც დაგროვდა, რაც მშენებელმა ვერ ამოქაჩა. საჭირო გახდა გაგვეზარდა ბურჯის სიმაღლე, რასაც უკვე წყლის ამოსვლა მოჰყვა. ანუ ტექნიკურმა პრობლემებმა დროში გააჭიანურა პროცესები და კომპანიამაც 1 აპრილს ვეღარ განაახლა რეაბილიტაცია. მაგრამ მოსახლეობასთან ერთად შევთანხმდით, რომ უკვე გუშინ (6 მაისს) თავიდან დაიწყებოდა სამუშაოები და ასეც მოხდა. 10 დღის ვადაში თუ არ დასრულდება ხიდის რეაბილიტაცია, კომპანიას შევუჩერებთ ხელშეკრულებას და ყოველ გადაცილებულ დღეზე დავაკისრებთ ჯარიმას“,— განმარტავს ლენტეხის მუნიციპალიტეტის მერი ბადრი ლიპარტელიანი.
აქამდე ვრცელდებოდა ინფორმაცია ხიდის სამუშაოებისთვის გამოყოფილი ფულის გაფლანგვაზე, რაზეც ბადრი ლიპარტელიანი განმარტავს, რომ “ყველაფერი უკვე გაწერილია და წინასწარ განსაზღვრულ თანხებში გვარდება.”
“სატენდერო თანხა შეადგენს 52 ათას ლარს და აქ იგულისხმება ნებისმიერი კორექტირება, ჯარიმა, დროში დაგვიანება და ა.შ. ანუ ამ თანხაში უნდა ჩაეტიოს კომპანია მაშინაც კი , თუ გაუთვალისიწინებელი შემთხვევა დაფიქსირდა. მედიაში გავრცელებული მოსაზრება, რომ იფლანგება თანხები არის უსაფუძვლო“,- განმარტავს ლიპარტელიანი.