ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერმა კონსტანტინე შარაშენიძემ მუნიციპალიტეტის მერიაში მონადირეთა ჯგუფის შექმნის შესახებ ბრძანება 2018 წლის 1 თებერვალს გამოსცა. ბრძანების თანახმად, „ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობის ჯანმრთელობისა და სიცოცხლის დაცვის, აგრეთვე, სამეურნეო საქმიანობისთვის ზიანის აცილების მიზნით, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მგლის 8 ინდივიდის რაოდენობის გარემოდან ამოღებისთვის“ რვაკაციანი ჯგუფი შეიქმნა, რომელსაც ნიკოლოზ გობრონიძე ხელმძღვანელობს. ინფორმაციას “გურიანიუსი” ავრცელებს.
ჯგუფის შექმნიდან რამდენიმე დღეში, 2018 წლის 6 თებერვალს, ნიკოლოზ გობრონიძე შარაშენიძეს წერს, რომ 4 მგლის მოკვლისთვის 1 800 ლარი სჭირდებათ:
„ჩვენ შორის გაფორმებული ხელშეკრულების ფარგლებში, მოსახლეობიდან შემოსული შეტყობინებების საფუძველზე, მონადირეთა ჯგუფის მიერ, იანვარ-თებერვალში მგლისგან დაზიანებულია მუნიციპალიტეტის შემდეგი დასახლებული ტერიტორია: წვერმაღალა-ურეკი-შეკვეთილი; ლეკიანი-მოლიანი-ჩალიანი; მერიის აეროდრომი-ნარუჯა, ლაითური. განადგურებულია მოსახლეობის პირად საკუთრებაში არსებული 2 ათეულამდე მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვი და ცხენები. საკითხის სირთულიდან გამომდინარე, აუცილებელია სასწრაფოდ გახორციელდეს შესაბამისი ღონისძიებები, რისთვისაც აუცილებელია წინასწარი ჩარიცხვით წარმოდგენილ საბანკო ანგარიშზე 1 800 ლარი, რომელიც გათვლილია 4 მგლის ამოსაღებად საბიუჯეტო გადასახდელების ჩათვლით“, _ აღნიშნულია გობრონიძის წერილში, რომელიც 6 თებერვალს არის კანცელარიაში გატარებული, თუმცა, წერილის ავტორს რატომღაც თებერვლის მონაცემებიც უწერია.
შესყიდვების სააგენტოს ვებგვერდზე ატვირთული დოკუმენტაციის თანახმად, შარაშენიძესა და გობრონიძეს შორის ხელშეკრულება ზემოთ აღნიშნული წერილის მერიაში შეტანის დროს გაფორმებული არ ყოფილა.
ხელშეკრულება, ნომრით 55, ოზურგეთის მერს კონსტანტინე შარაშენიძესა და ინდმეწარმე ნიკოლოზ გობრონიძეს, როგორც მერიაში შექმნილ მონადირეთა ჯგუფის ხელმძღვანელს შორის, 14 თებერვალს არის გაფორმებული.
დოკუმენტში აღნიშნულია, რომ შარაშენიძემ უნდა შეისყიდოს 8 მგლის მოკვლის ღონისძიება და ამისთვის 3 600 ლარი უნდა გადაიხადოს:
„მომსახურების გაწევა უნდა გახორციელდეს ხელშეკრულების გაფორმებიდან 2018 წლის 31 აგვისტოს ჩათვლით“, – აღნიშნულია დოკუმენტში, რომელშიც, ასევე, დაკონკრეტებულია, რომ „ანგარიშსწორებას „შემსყიდველი“ განახორციელებს ფაქტობრივად გაწეული მომსახურების ღირებულების გათვალისწინებით, შესაბამისი მიღება-ჩაბარების აქტის შესაბამისად, მომსახურების გაწევის შემდეგ შესაბამისი დოკუმენტაციის წარდგენიდან 10 სამუშაო დღის განმავლობაში“.
ხაზგასასმელია კიდევ ერთი დეტალი – ხელშეკრულება დადებულია ინდმეწარმე ნიკოლოზ გობრონიძესთან, ხოლო ხელშეკრულებას ხელს აწერს ფიზიკური პირი ნიკოლოზ გობრონიძე.
როგორც „გურია ნიუსმა“ შესყიდვების სააგენტოს ვეგვერდზე ატვირთული კანონის სავალდებულო დოკუმენტაციის შესწავლისას გაარკვია, ოზურგეთის მერიამ გობრონიძეს 1 800 ლარი, როგორც ის წერილით ითხოვდა ჯერ კიდევ ხელშეკრულების გაფორმებამდე, წინასწარ, 19 თებერვალს ჩაურიცხა.
გამოცემამ ასევე გაარკვია, ჯგუფმა აპრილის მონაცემებით, მხოლოდ ორი მგელი მოკლა. ყოველ შემთხვევაში ასეთი მონაცემები აქვთ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში, რომელთანაც ჯგუფს პირდაპირი ვალდებულება გააჩნია – სწორედ ამ უწყებას უნდა ჩააბარონ ანგარიში მონადირეებმა, რაც პრემიერის განკარგულებითაც რეგულირდება.
განსხვავებით ანგარიშვალდებულებებისაგან, არც კანონი და არც განკარგულება არ ადგენს მგლის მოკვლის ფასს. როგორც სამინისტროში განმარტეს, უმრავლეს მუნიციპალიტეტებში მონადირეები ამას უსასყიდლოდ აკეთებენ და ამ დრომდე არ ქონიათ შემთხვევა, როცა ვინმე ფასით დაინტერესებულიყოს.
იურისტების თქმით, მგლის მოკვლის ფასი თვითმმართველობის ხელმძღვანელის და მონადირეების მოლაპარაკების საკითხია. როგორც ჩანს, ამ შემთხვევაში ერთი მგლის მოკვლა 450 ლარადაა შეფასებული. “მიუხედავად მრავალგზის მცდელობისა, ოზურგეთის მერიიდან ჩვენთვის საინტერესო კითხვებზე პასუხების მიღება ვერ შევძელით _ სატელეფონო ზარებს არც კონსტანტინე შარაშენიძემ უპასუხა და არც მერიის საფინანსო სამსახურის უფროსმა გია მამაკაიშვილმა”, – წერს გამოცემა “გურიანიუსი”.
ერთადერთი, ვინც კომენტარი გააკეთა, ჯგუფი წევრი, ვიქტორ გობრონიძე იყო, რომელიც ნიკოლოზ გობრონიძის ძმაა:
“არ ვიცი, რა შეცდომაა დოკუმენტებში. წესით არ უნდა იყოს. იმდენჯერ შეაცვლევინეს _ ხან აუდიტმა დაიწუნა, ხან შესყიდვების სამსახურმა და კიდევ შეცდომა როგორ შეიძლება! ამაზე არაფრის თქმა არ შემიძლია. რაც შეეხება პოლიტიკურ ვალს _ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე კონსტანტინე შარაშენიძეს მხოლოდ მე ვეხმარებოდი იმ ჯგუფიდან და მას ჩემი ვალი არ აქვს. მე არც სიორიძის წინააღმდეგ ვყოფილვარ _ ვიდექი მხოლოდ სიმართლის მხარეს და მეტ დეტალზე საუბარი არ მინდა. თქვენს კითხვაზე, რომლის თანახმადაც, შარაშენიძე არჩევნების წინ სამსახურს მპირდებოდა და ვერ გამიკეთა, შემდეგ კი თითქოს გარემოს დაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის უფროსის ადგილის დაკავებაში მეხმარება, შემიძლია, მხოლოდ ის გითხრათ, რომ მე 63 წლის კაცი ვარ და ამ ასაკში ვერავის დავუწყებ დევნას. მაწუხებს ბუნება, ბრაკონიერებიც, მაგრამ ნამდვილად არ შემიძლია ახლა მათ ვსდიო”, _ თქვა გობრონიძემ.
მისივე თქმით, მგლები მოსახლეობისთვის სერიოზული პრობლემაა და მისი მოკვლა ძალიან დიდ ხარჯებთანაა დაკავშირებული: “შეიძლება სხვა მუნიციპალიტეტებში აკეთებენ ამას უფასოდ, რადგან ფული აქვთ. საკმაოდ ძვირი პროცესია _ ერთი მგლის მოკვლისთვის 4 ტყვია მაინცაა საჭირო. საწვავი სჭირდება, უნდა გამოიტანო, დამარხო. არ არის მარტივი და იაფი საქმე ნამდვილად”, – აღნიშნა გობრონიძემ. ვიქტორ გობრონიძის თქმით, ჯგუფმა არა ორი, არამედ 4 მგელი მოკლა.