2019 წელს კახეთში, ევროსტანდარტების შესაბამისი რეგიონული ნაგავსაყრელის მშენებლობა დაიწყება, თუმცა რომელი სოფლის მიმდებარე ტერიტორია შეირჩევა ნაგავსაყრელისთვის ჯერ უცნობია. ერთ-ერთ ალტერნატივად გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ მელაანის, ან არაშენდის ტერიტორია განიხილება. ამ საკითხს ადგილობრივები კატეგორიულად ეწინააღმდეგებიან. ინფორმაციას “სპექტრი” ავრცელებს.
ადგილობრივი მოსახლეობა მიიჩნევს, რომ ნაგავსაყრელის მოწყობა, გარემოს დააბინძურებს და სხვადასხვა დაავადების გავრცელებას გამოიწვევს, ამავე დროს, ზიანს მიაყენებს მრავალწლიან კულტურებს.
მყარი ნარჩენების მართვის კომპანიაში აცხადებენ, რომ ნაგავსაყრელი კახეთის რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტს მოემსახურება. სამშენებლო სამუშაოები, სავარაუდოდ, წელიწადნახევარში დასრულდება.
“შესწავლილია რამდენიმე ვარიანტი. ერთ-ერთია სოფელ მელაანიდან 2 კილომეტრში მდებარე ტერიტორია, რომელიც არც ნაკვეთებთანაა ახლოს და ცენტრალური გზიდანაც მოშორებულია. თუმცა გადაწყვეტილება, ამ ეტაპზე მიღებული არ არის და რამდენიმე ალტერნატივა კიდევ განიხილება.
სტანდარტების მიხედვით, ნაგავსაყრელი მოსახლეობიდან, მინიმუმ, 500 მეტრით უნდა იყოს დაშორებული, არ უნდა არსებობდეს ქარის დროს ნარჩენების, თხელი ფრაქციების გავრცელების საშიშროება, მაგალითად, როგორიცაა პოლიეთილენის პარკები. გარდა ამისა, ადვილად მისადგომი უნდა იყოს. მნიშვნელობა აქვს ასევე ჰიდროლოგიას და გეოლოგიას, თუ როგორია წყლის დონე ამ ტერიტორიაზე. შესწავლილია აღნიშნული ადგილი და მინდა გითხრათ, რომ სტანდარტებს სრულად აკმაყოფილებს. აქვე ხაზს ვუსვამ, რომ გადაწყვეტილებას კომპანია ერთპიროვნულად არ მიიღებს, ეს მოხდება ადგილობრივ თვითმმარველობასთან და მოსახლეობასთან კონსულტაციის შედეგად”, – აცხადებენ კომპანიაში.
ამასთან, მყარი ნარჩენების მართვის კომპანიაში დასძენენ, რომ ამ ეტაპზე, შესწავლის დონეზე განიხილება არაშენდის ტერიტორიაც.
“მელაანის შემთხვევაზე, რომ ვილაპარაკოთ, სუნის გავრცელების არავითარი შანსი არ არსებობს. ეს იმ შემთხვევაში ხდება, როცა კარგად არ უვლი ნარჩენებს და შესაბამისად არ ფარავ. ყოველდღე უნდა მოხდეს მისი გადაფარვა მიწის ფენით, ეს არის საკანონმდებლო მოთხოვნა.
ჯერ ისიც არ არის გადაწყვეტილი, მუნიციპალური ნაგავსაყრელი მაინცდამაინც გურჯაანის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე აშენდება თუ არა. მთავარი გახლავთ ის, რომ უნდა გადაწყდეს კახეთის რეგიონში ერთი ნაგავსაყრელის აშენების საკითხი, იქნება ეს გურჯაანი, თელავი თუ სხვა რომელიმე მუნიციპალიტეტი”, – აღნიშნა მყარი ნარჩენების მართვის კომპანიის დირექტორის მრჩეველმა გარემოსდაცვით საკითხებში, ხათუნა ჩიკვილაძემ.
მისივე ინფორმაციით, საქართველოში სულ 57 ნაგავსაყრელია, საიდანაც 54 მათ კომპანიას ეკუთვნის.
“ქვეყანას აქვს გეზი და სტრატეგია იქით, რომ ამდენი ნაგავსაყრელი არ იყოს სამართავი და ეტაპობრივად დაიხუროს. კანონმდებლობითაც გაიწერა, რომ საქართველოში რეგიონული ნაგავსაყრელები უნდა აშენდეს. რაც შეეხება კახეთის რეგიონული ნაგავსაყრელის ფართობს, გაანგარიშება იმის მიხედვით მოხდება, რა რაოდენობის ნარჩენები შეიძლება არსებობდეს. მაგალითად, თბილისის ნაგავსაყრელი 85 ჰექტარია, რუსთავის კი, 7 ჰექტარი”, – განმარტა ხათუნა ჩიკვილაძემ.
შეგახსენებთ, რომ კახეთის რეგიონული ნაგავსაყრელი გერმანიის განვითარებისა და რეკონსტრუქციის ბანკის ფინანსური მხარდაჭერით უნდა აშენდეს. მყარი ნარჩენების მართვის კომპანიაში ამბობენ, რომ დამფინანსებლის წარმომადგენელი პირადად გააკონტროლებს აშენების, ოპერირებისა და ლიკვიდაციის საკითხებს.
2014 წელს მსგავსი რეგიონული ნაგავსაყრელი რუსთავში აშენდა, დაგეგმილია იმერეთშიც, რომელიც რაჭა-ლეჩხუმის რეგიონსაც მოემსახურება.