ავტომაგისტრალის რიკოთის უღელტეხილის მონაკვეთთან დაკავშირებით, სატენდერო მოსამზადებელი სამუშაოები მიმდინარეობს, – ამის შესახებ საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარემ ირაკლი ქარსელაძემ განაცხადა. ინფორმაციას ინტერპრესნიუსი ავრცელებს.
მისივე თქმით, რიკოთის უღელტეხილის მონაკვეთი სერიოზული პროექტია და ამ ტენდერთან დაკავშირებით ღია კარის დღეებია გათვალისწინებული.
“ჩქაროსნულ ავტომაგისტრალთან დაკავშირებით არსებობს მიმდინარე პროექტები. არის სხვადასხვა ტიპის გამოწვევები ამ პროექტებზე და ვმუშაობთ როგორც კონტრაქტორებთან, ზედამხედველ ორგანიზაციებთან, ასევე დონორებთან იმისათვის, რომ აღმოფხვრილი იყოს თუ რაიმე გამოწვევა ან დაგვიანებაა. სახეზეა გარკვეული დაგვიანება, თუმცა მიზეზები არის სხვადასხვა. რა თქმა უნდა, ამაზე ვმუშაობთ.
რაც შეეხება რიკოთის მონაკვეთს, ეს არის გამორჩეული პროექტი. ოთხ სექციად არის დაყოფილი ის მონაკვეთი, რასაც უშუალოდ რიკოთის უღელტეხილი ჰქვია და თავისი შინაარსით, ტექნიკურად, არის ძალიან სერიოზული პროექტი. სრული მხარდაჭერა გვაქვს ჩვენი დონორი ორგანიზაციებისგან – სრულად არიან ჩართულნი დიზიანის შექმნის საკითხში და ახლა უკვე მივადექით იმ საქმეს, რასაც ჰქვია სატენდერო მოსამზადებელი სამუშაოები. შესაბამისი ღია კარის დღეები ამ დიდი ტენდერებისთვისაც არის გათვალისწინებული და შესაბამისად, ტენდერები ახლო მომავალში გამოცხადდება და გამოქვეყნდება”, – განაცხადა ირაკლი ქარსელაძემ სასტუმრო “რედისონში”, სადაც რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა ტენდერებთან დაკავშირებით პრეზენტაცია გამართა.