ინფრასტრუქტურის მინისტრი კომპანიებს მაისის თვეში გამოსაცხადებელ ტენდერებს და სატენდერო პირობებს აცნობს. ინფორმაციას იმედინიუსი ავრცელებს.
მინისტრის თქმით, ის კონტრაქტორებს და მეგზევეებს ხვდება, რომ მაისში გამოსაცხადებელ ტენდერების შესახებ მიაწოდოს ინფორმაცია, რომლებიც ჯამში 80 მილიონ ლარამდეა.
„ჩვენ გავაცნობთ რა ტენდერზეა საუბარი და ეს მისცემს მათ საშუალებას წინასწარ დაგეგმონ საქმიანობა, იცოდნენ რა ტენდერებს უნდა ელოდონ ერთის მხრივ და მეორეს მხრივ ეს გამჭირვალობა გვაძლევს საშუალებას, რომ ყველასთვის თანაბარი წვდომა იყოს ინფორმაციაზე. ამის გარდა დღეს ჩვენ წარვადგენთ ამ ტენდერების სტანდარტულ პირობებს, რომელიც შევიმუშავეთ და რომელიც ასევე არის სტანდარტული ყველასთვის, ეს გამორიცხავს შესაძლო სუბიექტურ დამოკიდებულებას და რომელიმე ჩინოვნიკის მიერ ტენდერის შესაძლო მორგებას“, – განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.
მინისტრს ჟურნალისტებთან არ დაუკონკრეტებია რა კონკრეტულ პროექტებზეა საუბარი, მისი თქმით, ეს არის საგზაო პროექტები, რომელიც სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება და საუბარი არ არის დიდ პროექტებზე, რომლის განხორციელებასაც საერთაშორისო დონორები აფინანსებენ.