EIB-მა საგზაო ინფრასტრუქტურისთვის, შესაძლოა, დამატებით 250 მლნ ევრო გამოყოს

538

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი, მინისტრის მოადგილეები და საქვეუწყებო კომპანიების ხელმძღვანელები   ევროპის საინვესტიციო ბანკის (EIB) ვიცე-პრეზიდენტს, ვაზილ ჰუდაკს  და ბანკის წარმომადგენლებს შეხვდნენ.

სამინისტროს ინფორმაციით, მხარეებმა EIB-ის დაფინანსებით მიმდინარე პროექტების შესახებ ისაუბრეს. ევროპის საინვესტიციო ბანკმა, „საქართველოს სატრანსპორტო კომუნიკაციის პროექტი“-ს ორი ხელშეკრულების ფარგლებში, ჯამში 500 მილიონი ევროს ოდენობის დაფინანსება უკვე  გამოყო. ამ დაფინანსების ხელშეკრულებების ფარგლებში,  დაგეგმილია გრიგოლეთი-ჩოლოქის გზის 14 კილომეტრიანი მონაკვეთის მშენებლობა. ასევე, რიკოთის მონაკვეთზე ჩუმათელეთი-ხევის (მსოფლიო ბანკთან თანადაფინანსებით) და უბისა-შორაპნის სექციების მშენებლობა.

ბანკთან მიმდინარეობს კონსულტაციები  „საქართველოს სატრანსპორტო კომუნიკაციის პროექტი (II)“-ის ფარგლებში საგზაო ინფრასტრუქტურისთვის დამატებით 250 მლნ. ევროს გამოყოფასთან დაკავშირებით.

უწყების ცნობით, დღეის მდგომარეობით, EIB-ის მიერ საქართველოსთვის გამოყოფილი დაფინანსებიდან, ქვეყნის ინფრასტრუქტურის გასაუმჯობესებლად დაახლოებით 1.3 მილიარდი ევროა მიმართული, საიდანაც გზების სექტორზე – 750 მილიონი ევრო, მუნიციპალური ინფრასტრუქტურის სექტორზე – 200 მილიონი ევრო, ხოლო წყლის სექტორზე – 180 მილიონი ევროა გათვალისწინებული.