პრეზიდენტმა მთავრობა და პარლამენტი თვითმმართველი ქალაქების გაუქმების გამო კიდევ ერთხელ გააკრიტიკა

887

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა, პარლამენტში ყოველწლიური მოხსენებით გამოსვლისას, მთავრობა თვითმმართველი ქალაქების გაუქმების გამო კიდევ ერთხელ გააკრიტიკა. მისი თქმით, 7 თვითმმართველი ქალაქის გაუქმებამ დაასუსტა ადგილობრივი თვითმმართველობა.

“რა მიზანი შეიძლება ჰქონდეს ინსტიტუტების შესუსტებას ქვეყნისთვის? ამ თვალსაზრისით თუ გადავხედავთ, რა გაკეთდა 2017 წელს კონსტიტუციის ცვლილებისას, ჩვენ დავინახავთ, რომ ძირითადი ინიციატივები, რაც იყო, ამ ინიციატივებმა სწორედ რომ შეასუსტა ქვეყნის დემოკრატია და ქვეყნის ინსტიტუტები. შევხედოთ თვითმმართველობის მიმართულებით, შევასუსტეთ თვითმმართველობა, ნაკლები თვითმმართველი ქალაქი გვაქვს; პრეზიდენტის ინსტიტუტთან მიმართებით გავაუქმეთ არჩევნები, რაც მოსახლეობის ნების საწინააღმდეგო იყო, და რაც მთავარია, ათწლეულობით დაპირებული რეფორმა საპარლამენტო არჩევნებისა, გადავდეთ 2024 წლისთვის”, – განაცხადა მარგველაშვილმა.

მისი თქმით, ამ 6 წლის განმავლობაში შესუსტდა ინსტიტუტები და ვერ შეიქმნა უფრო დემოკრატიული სახელმწიფო სისტემა, რომელიც უფრო სწრაფად მიებმებოდა ხალხს და საზოგადოებას.

“დემოკრატია და ხელისუფლების გადანაწილება არის პასუხი მთელ იმ პრობლემებზე, რაზეც თქვენ მე მოგახსენებდით. საქართველოს ისტორიის მაგალითები ჩვენ უნდა გავითვალისწინოთ და დემოკრატიული პროცესი დღეს უნდა მივცეთ ხალხს. ეს უნდა ხორციელდებოდეს როგორც თვითმმართველობის დონეზე, ასევე, სხვა დონეებზე”, – მიმართა პრეზიდენტმა მთავრობისა და პარლამენტის წევრებს.

როგორც ცნობილია, საქართველოს ხელისუფლებამ 7 თვითმმართველ ქალაქს – თელავს, გორს, მცხეთას, ახალციხეს, ოზურგეთს, ზუგდიდსა და ამბროლაურს თვითმმართველი ერთეულის სტატუსი გაუუქმა და ისინი სათემო მუნიციპალიტეტებთან გააერთიანა.

სტატუსის ჩამორთმევას ადგილობრივი მოსახლეობა და სამოქალაქო სექტორი აპროტესტებდა. ცენტრალური ხელისუფლების გადაწყვეტილებას, საწყის ეტაპზე, არ იზიარებდნენ ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებიც – ამ ქალაქების მერები და საკრებულოს წევრები.

მათგან თელავის და მცხეთის საკრებულოებმა ცენტრალურ ხელისუფლებას ოფიციალურად მიმართეს და სთხოვეს, ქალაქებისთვის თვითმმართველი ერთეულის სტატუსი შეენარჩუნებინათ. ამის მიუხედავად, მოგვიანებით, შვიდივე ქალაქის, ისევე, როგორც შვიდი სათემო მუნიციპალიტეტის საკრებულომ, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებას მხარი ერთხმად დაუჭირა, თუმცა, საკრებულოს სხდომები პროტესტისა და ხმაურის ფონზე წარიმართა.

საქართველოს პრეზიდენტმა პარლამენტის მიერ მიღებულ კანონს ვეტო დაადო, თუმცა, პარლამენტმა ვეტო დაძლია და 2017 წლის ბოლოდან საქართველოში მხოლოდ 5 თვითმმართველი ქალაქი არსებობს.