საგარეჯოში უცხოური ინვესტიციით სამი ქარხანა აშენდება

1370

საგარეჯოს მუნიციპალიტეტში უცხოური ინვესტიციით სამი ქარხანა აშენდება. კეროძ, კომპანია “არიკ ჯგუფი” გეგმავს, რომელიც ღვინის, გამომშრალი ჩირისა და ფსტის საწარმოებს ეტაპობრივად ააშენებს. ინფორმაციას “კახეთის ხმა” ავრცელებს.

როგორც კომპანიის ბიზნესგანვითარების მენეჯერი აცხადებს, მიმდინარეობს 400 ჰექტარი ვენახის, 400 ჰექტარი ხეხილის ბაღისა და 1000 ჰექტარი ფსტის პლანტაციის გაშენება. ამ მიმართულებით სამუშაოების ნაწილი 2018 წელს დასრულდება.

“ღვინის ქარხნის მშენებლობა უკვე მიმდინარეობს. აღნიშნული საწარმო წელიწადში 4 მილიონ ბოთლ ღვინოს გამოუშვებს. პროდუქცია ძირითადად ექსპორტზე გავა, ნაწილი კი ქართულ ბაზარზე დარჩება. ღვინის გატანა იგეგმება როგორც ევროპულ, ასევე აზიურ ბაზარზე. რაც შეეხება გამომშრალი ხილის საწარმოს, ქარხანაში პროდუქციას იმ ხილისგან დაამზადებენ, რომელსაც თავადვე მოიყვანენ. „არიკ ჯგუფი“ ჩირს ატმის, გარგრის, ქლიავისა და სხვა ხეხილისგან დაამზადებს. მესამე ქარხანა კი ფსტას გადაამუშავებს, დააფასოებს და ბაზარზე გამოიტანს. მეურნეობასთან ახლოს 5-ვარსკვლავიანი ვილების მშენებლობაც იგეგმება. ეს პროექტის მესამე ფაზა იქნება. კომპანია, ჯამში, ააშენებს 150 ვილას, რომელიც ტურისტებს, ეკოტურიზმის გარდა, სხვადასხვა გასართობ აქტივობასაც შესთავაზებს. ტურისტებს, ასევე, შესაძლებლობა ექნებათ, დაკავდნენ გოლფით, პოლოთი, „სკაი დაივინგით“, რომლისთვისაც კომპანია სპეციალურად ააშენებს ადგილობრივი დანიშნულების აეროპორტს და შეიძენს პატარა თვითმფრინავებს. მთლიანი პროექეტის საერთო კონცეფციაა, აწარმოოს და შესთავაზოს მომხმარებელს ეკოლოგიურად სუფთა, ქიმიური დანამატებისაგან თავისუფალი პროდუქცია, პარალელურად კი შექმნას რეგიონისათვის უნიკალური „მწვანე“ ტურიზმის ცენტრი“, – აცხადებენ საინვესტიციო კომპანიაში.