საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ პატარძეულში მდებარე გიორგი ლეონიძის სახლ-მუზეუმს კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი მიენიჭა.
კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს დირექტორის ნიკოლოზ ანთიძის შესაბამისი ბრძანება უკვე გამოქვეყნდა.
სახლი, სადაც პოეტი ცხოვრობდა, აშენებულია გიორგი ლეონიძის მამის – ნიკოლოზის მიერ, რომელიც პატარძეულში წმ. შიოს ტაძარში მღვდელმსახურად XIX ს. 60-იან წლებში დაადგინეს. სახლი ორსართულიანია, ნაგებია რიყის ქვითა და აგურით დუღაბზე. ორივე სართულზე ორ-ორი ერთმანეთის გვერდით განლაგებული ოთახია, რომლებიც ერთმანეთს შიდა კარით უკავშირდება. სახლის ზურგის კედელი ყრუა. ეზოს მხრიდან ორივე სართული ოთხ-ოთხი სარკმლითა და ორ-ორი კარითაა გახსნილი. პირველი სართულის გვერდითა კედლები ყრუა, მეორე სართულზე კი სარკმლებია გაჭრილი.
მეორე სართულს წინ მთელს სიგრძეზე ხის აივანი გასდევს, რომელზე ასასვლელიც გვერდით მიდგმული ორნაწილიანი კიბითაა. აივანი ხის სვეტებზეა დაყრდნობილი. პირველ სართულს აგურის ფილაქანი აქვს აივნად. დასავლეთის მხარეს, აივნის ქვეშ ღია ბუხარია გაკეთებული. პირველი სართულის სამხრეთ-აღმოსავლეთ კუთხეზე კონტრფორსია მიდგმული.
პირველ სართულზე მდებარე ოთახები სამზარეულო და სარძევე იყო (ამჟამად სარძევე ოთახში მუზეუმის ადმინისტრაციული ოთახია განთავსებული), მეორე სართულზე საცხოვრებელი ოთახებია. პირველი და მეორე სართულის თითო ოთახში თაღოვანი ბუხრებია.
სახლს აღმოსავლეთიდან მიდგმული აქვს მარანი. მარნის ზურგის კედელზე თაღჩებია გაკეთებული, ხოლო სახლის კედელზე ხის დიდი საწნახელია მიდგმული. მიწატკეპნილ იატაკში ქვევრებია ჩაყრილი. მარანი ხის ორფერდა სატრდებებზე დალაგებული კრამიტითაა გადახურული.
სახლს აქვს თავისი საგვარეულო ეზო, რომელიც ხის ღობითაა შემოღობილი. ჭიშკარი ხისაა. გოგლას საგვარეულო ეზო ახლა ორ ნაწილადაა გაყოფილი. მათ ერთმანეთისგან სოფლის ორღობე ყოფს. სახლის ეზოსგან მოწყვეტილი ნაწილი ასევე შემოღობილია და ახლა იქ მხოლოდ სველი წერტილი დგას.
სახლი წარმოადგენს XIX ს. მეორე ნახევრის აღმოსავლეთ საქართველოს სოფლისთვის დამახასიათებელი სახლის ტიპის მშვენიერ ნიმუშს, რომელსაც თითქმის სრულად აქვს შემონახული თავდაპირველი სახე და ამდენად ის ეთნოგრაფიული ძეგლის ნიშნის მატარებელია.
1968 წლიდან სახლს გიორგი ლეონიძის სახლ-მუზეუმის სტატუსი აქვს.
სახლში დაცულია: გიორგი ლეონიძის საწოლი ტახტი, დიდი საოჯახო ტახტი, რომელზეც დაიბადა პოეტი, მისი საგვარეულო ავეჯი, კოსტუმი, პირადი ნივთები და გოგლას ორი პორტრეტი, რომელიც ლადო გუდიაშვილმა დახატა.