თვითმმართველობის კომიტეტმა მცხეთა-მთიანეთში გასვლითი სხდომა გამართა

1023

რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტმა მცხეთა-მთიანეთის რეგიონში მიმდინარე წლის რიგით მეორე გასვლითი სხდომა გამართა. მცხეთაში გამართულ ღონისძიებას, რეგიონის სახელმწიფო რწმუნებულ-გუბერნატორი და რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტის თვითმმართველობის წარმომადგენლები – საკრებულოს თავმჯდომარეები და მერები დაესწრნენ.

პარლამენტის პრესსამსახურის ცნობით, დეპუტატმა კახა კუჭავამ, მისი და ნინო წილოსანის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი კანონპროექტი „საქართველოს ორგანულ კანონში „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ“, – თანმდევ პროექტთა პაკეტთან ერთად, მესამე მოსმენით წარადგინა.

კუჭავამ სხდომის მონაწილეებს უთხრა, რომ კანონპროექტი ხელს შეუწყობს თბილისში საგზაო მოძრაობის მოწესრიგებას განტვირთვას. აღნიშნული კანონპროექტის მიღების მიზეზია დედაქალაქში არსებული მძიმე მდგომარეობა ტრანსპორტის მოძრაობის სფეროში. გადატვირთული ქუჩები, ხშირი საცობები და მოქალაქეების მსუბუქი ავტომობილით-ტაქსით გადაყვანის სექტორში არსებული სრული ქაოსი.

კანონპროექტით ცვლილებები შედის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ 75-ე მუხლში, რომლითაც თბილისის საავტომობილო მოძრაობის სფეროში მთავრობის უფლებამოსილებები განისაზღვრება.

სხდომაზე, საქართველოს პარლამენტის წევრმა, მცხეთის მაჟორიტარმა დეპუტატმა, დიმიტრი ხუნდაძემ, სოფელ ფრეზეთის მაღალმთიანი დასახლების სტატუსის მინიჭების ინიციატივა დააყენა.

დიმიტრი ხუნდაძის განცხადებით, სოფელი ფრეზეთი მაღალმთიანი დასახლების სტატუსის მისაღებად ყველა კრიტერიუმს აკმაყოფილებს: „სოფელი ფრეზეთი კანონმდებლობით გათვალისწინებულ ყველა კრიტერიუმს აკმაყოფილებს, რომ მას მაღალმთიანი დასახლების სტატუსი ქონდეს და ყველა ის სარგებელი მიიღოს, რაც კანონმდებლობით არის განსაზღვრული. იცით, რომ სოფელში ჩასახლებულები არიან იძულებით გადაადგილებული პირები, შესაბამისად, დევნილი მოსახლეობიდან გამომდინარე, ერთ-ერთი კრიტერიუმი, კერძოდ დემოგრაფია ფრეზეთში მაღალ მაჩვენებლად ითვლება, რის გამოც ადგილობრივი მოსახლეობა მაღალმთიანი დასახლების სტატუსს ვერ ღებულობს“, – განაცხადა მცხეთის მაჟორიტარმა დეპუტატმა.

დიმიტრი ხუნდაძემ რეგიონალური პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავჯდომარეს ზაზა გაბუნიას სთხოვა, აღნიშნული საკითხი „მთის ეროვნულ საბჭოში“ დააყენოს.

მცხეთა-მთიანეთის გუბერნატორის ლევან ზაუტაშვილის თქმით, რეგიონშ სტიქიური ნაგავსაყრელები უმნიშვნელოვანესი პრობლემაა. ისივე თქმით, რეგიონში შეინიშნება ისეთი ძირითადი სოციალური სერვისების არათანაბარი ხელმისაწვდომობა, როგორიცაა ჯანდაცვა და განათლება. ლევან ზაუტაშვილმა რეგიონში არსებულ მსხვილ საწარმოებზეც ისაუბრა და განმარტა, რომ საწარმოები აღჭურვილნი არიან თანამედროვე ტექნოლოგიების გამწმენდი ნაგებობებით და მათი გარემოზე ზემოქმედების ხვედრითი წილი, შესაბამისად, ნაკლებია.