სოციალურ საწარმო “ცოდნის კაფეს”, რომელიც წნორში მდებარეობს, ადგილობრივი აქტივისტები და მათი გულშემატკივრები აშენებენ. ამისათვის 500-ზე მეტმა ადამიანმა თანხა სპეციალურად გახსნილ ანგარიშზე უკვე გადარიცხა. “ცოდნის კაფე” საუკეთესო მაგალითია, თუ როგორ შეიძლება თვითორგანიზებით ადგილობრივი თემის მობილიზება სხვადასხვა საინტერესო და სასარგებლო პროექტების განსახორციელებლად.
“ცოდნის კაფე” ჯერ ადგილობრივი ხელისუფლების მიერ გამოყოფილ 40 კვ.მ. ფართში ფუნქციონირებდა, თუმცა, იმის გამო, რომ აქტივისტებმა ქირის გადახდა ვეღარ მოახერხეს, მათ ფართი დააცლევინეს. ამის მიუხედავად, “ცოდნის კაფეს” საქმიანობა არ შეუწყვეტია და სხვა ფართში განაგრძო ფუნქციონირება. დღეისათვის საწარმო აერთიანებს 5 სივრცეს – მულტიმედია ბიბლიოთეკას, წიგნის მაღაზიას, არაფორმალური განათლების ცენტრს პატარა კაფით და არტ-საგანმანთლებლო რეზიდენციას.
“ცოდნის კაფე” ფუნქციონირებისთვის დიდ ქირას იხდის და არასაკმარისი ფართი აქვს კულტურულ-საგანმათალებლო აქტივობებისთვის. ამიტომ, 500-ზე მეტმა მაშენებელმა უკვე დავდეთ ჩვენი წილი აგური “ცოდნის კაფეს” ასაშენებლად. მაშენებლებმა მიწა უკვე ვუყიდეთ ცოდნის კაფეს და ახლა კონსტრუქციის ასაშენებელ რესურსებს ვაგროვებთ. შემოგვიერთდი, დადე შენი აგური ცოდნის კაფეს და ჭკვიანის სოფლის ასაშენებლად. ჩვენ არ ველოდებით სხვას, ჩვენი ყავის, წიგნის, შარვლის, კაბის ფულად ვაშენებთ პირველ თვითმობილიზებად საგანმანათლებლო სივრცეს რეგიონში. შენი სოლიდარობა სჭირდება ცოდნის კაფეს”, – წერს “ცოდნის კაფე” Facebook-ზე.