შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა ქეთევან ციხელაშვილმა დიპლომატიურ კორპუსსა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს სამშვიდობო ინიციატივას “ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ” გააცნო. ინფორმაციას იმედინიუსი ავრცელებს.
ციხელაშვილის განმარტებით, მათ უკვე მოისმინეს მხარდამჭერი განცხადებები პარტნიორების მხრიდან, რაც ამ ინიციატივის განხორციელებისათვის ძალიან მნიშვნელოვანია.
როგორც შეხვედრის დაწყებამდე გაეროს ელჩმა საქართველოში ნილს სკოტმა განაცხადა, ინიციატივა კონფლიქტით დაზარალებულ მოქალაქეებს მდგომარეობას შეუმსუბუქებს.
„გაერო მოხარულია ამ პროექტით, რადგან პირველ რიგში, იგი შეუმსუბუქებს მდგომარეობას იმ ადამიანებს, რომლებიც კონფლიქტით დაზარალდნენ. ახლა მთავარი საკითხი ისაა, რომ მოქალაქეებმა, რომლებსაც შეუძლიათ ამ სიკეთეებით სარგებლობა, იცოდნენ პროექტის შესახებ. ეს უნდა აიხსნა, რომ დაიწყოს ამ შესაძლებლობების გამოყენება განათლებისა თუ ვაჭრობის მიმართულებით. ჩვენ ძალიან ოპტიმისტურად ვართ განწყობილები და გვაინტერესებს ყველა დეტალი. შემდეგი მნიშვნელოვანი ნაბიჯი უკვე ინიციატივის განხორციელება იქნება“, – განაცხადა ნილს სკოტმა.
შეხვედრას 60-მდე სტუმარი ესწრება. სახელმწიფო მინისტრმა მათ დაწვრილებითი ინფორმაცია მიაწოდა სამშვიდობო ინიციატივაზე.
4 აპრილს, გიორგი კვირიკაშვილმა საქართველოს მთავრობის ახალი სამშვიდობო ინიციატივა – „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ“ წარადგინა, რომელიც მიუღებელი აღმოჩნდა ოკუპირებული ცხინვალისა და აფხაზეთისთვის.
უწყების ცნობით, ინიციატივა სამ მიმართულებას გულისხმობს: პირველი მიმართულება ადმინისტრაციული გამყოფი ხაზების გასწვრივ ვაჭრობის გაფართოება და გამარტივებაა ახალი შესაძლებლობების შექმნის გზით;
მეორე მიმართულება: ხარისხიანი განათლების მიღების დამატებითი შესაძლებლობების შექმნა და წვდომის გამარტივება განათლების ყველა საფეხურზე, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე საზღვარგარეთ;
მესამე მიმართულება კი, ისეთი მექანიზმის შექმნაა, რომლითაც მარტივდება წვდომა იმ სარგებელზე, რომლებიც ქვეყნის განვითარების შედეგად, მათ შორის ევროინტეგრაციის გზაზე ხელმისაწვდომი გახდა – ეს არის უვიზო მიმოსვლის უფლება, თავისუფალი ვაჭრობის უფლება და ა.შ.