ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მიერ 9 100 ლარად გაყიდული 18 350 კვ. მეტრი მიწის ნაწილი (1500 კვ/მ მიწა) 132 000 ლარად იყიდება. საუბარია სოფელ შრომაში, შავი ზღვის სანაპიროზე მდებარე მიწის ნაკვეთზე, რომელიც მაშინ შემფასებელმა დავით რობაქიძემ 50 თეთრად შეაფასა. ინფორმაციას “გურიის მოამბე” ავრცელებს.
გასხვისების შემდეგ კი მესაკუთრემ მიწის ნაკვეთი ორ ნაწილად გაყო. მიწის ერთ-ერთ ნაკვეთზე (1500 კვ/მ) გასხვისებასთან დაკავშირებით ელექტრონული განაცხადი გაკეთდა და ყიდვა-გაყიდვის ვებგვერდზე განთავსდა. მიწის ფასი 52 000 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარშია (132 000 ლარი). გამოდის, რომ სახელმწიფოსაგან 50 თეთრად შეძენილ 1 კვადრატულ მეტრ მიწის ნაკვეთს, მესაკუთრე 88 ლარად ყიდის.
მიწის ნაკვეთის გასხვისებასთან დაკავშირებით სარჩელი შეიტანა სოფელ შრომის მოსახლეობამ. საქმის წარმოებისას 50 თეთრად შეფასებული ქონება ხელახლა შეფასდა, რა დროსაც საშემფასებლო დასკვნით დადასტურდა, რომ 1 კვადრატული მეტრი მიწის ნაკვეთის ღირებულებაა 109 ლარი იყო, ანუ ნაკვეთის მთლიანი ღირებულება 2 000 150 ლარი გახლდათ , რომელიც, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ოზურგეთის მუნიციპალიტეტმა 9 100 ლარად გაყიდა.
ნაკვეთი ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურამდე რამდენიმე დღით ადრე გაიყიდა.