გურჯაანში გერმანულ-ქართული ფესტივალები ჩატარდება

645

გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიის საგარეო ურთიერთობების, საერთაშორისო პროექტებისა და ტურიზმის განვითარების განყოფილების ხელმძღვანელის ინფორმაციით, უახლოეს მომავალში გურჯაანში საფუძველი ჩაეყრება გერმანულ-ქართულ ფესტივალებს. ინფორმაციას “კახეთის ხმა” ავრცელებს.

როგორც ნინო ნინოშვილმა თქვა, ამ საკითხზე მერია აქტიურად მუშაობს. მისივე თქმით, გერმანიის გარდა, საერთაშორისო პროექტების განხორციელება იგეგმება გურჯაანის მუნიციპალიტეტთან დამეგობრებულ სხვა ქვეყნებთანაც, მათ შორის, უკრაინასა და პოლონეთთან.

,,ცოტა ხნის წინ მერიის საგარეო ურთიერთობების, საერთაშორისო პროექტების და ტურიზმის განვითარების განყოფილების და კულტურის სამსახურის ინიციატივით, ჩამოვიდნენ გერმანელი მუსიკოსები, რომლებმაც აქ გამართეს კონცერტი. ამის შემდეგ დაიგეგმა ერთობლივი ღონისძიებების განხორციელება. სულ მალე იგეგმება, რომ გურჯაანელი ახალგაზრდები წავიდნენ მიუნხენში და კონცერტებში მიიღონ მონაწილეობა. გარდა ამისა, გერმანიასთან ერთად სხვადასხვა პროექტის განხორციელებაც იგეგმება. მაისი-ივლისის პერიოდში ვგეგმავთ ორკვირიან გერმანულ-ქართულ ფესტივალებს, რომლის ფარგლებშიც მასტერკლასებს ჩაატარებენ გერმანელი მუსიკოსები. მჭიდრო თანამშრომლობას ვგეგმავთ პოლონეთთან და უკრაინასთანაც და მათთან ერთად გვინდა, ერთობლივი პროექტები განვახორციელოთ’’,-თქვა ნინო ნინოშვილმა.

გურჯაანის მერიაში საგარეო ურთიერთობების, საერთაშორისო პროექტების და ტურიზმის განვითარების განყოფილება ცოტა ხნის წინ შეიქმნა.