თელავის მუნიციპალიტეტში ნაგავსაყრელების დასუფთავებისთვის 55000 ლარია გამოყოფილი

654

თელავის მუნიციპალიტეტის სოფლებში შალაურსა და კისისხევში მწვავედ დგას გარემოს დაბინძურების პრობლემა. ნაგავი ყრია როგორც სოფლების დამაკავშირებელი ცენტრალური გზის ნაპირებზე, ასევე ხევებში. სოფლებიდან ნაგავი კვირაში ორჯერ გადის, დგას ბუნკერებიც. თუმცა ადგილობრივების თქმით, პრობლემა მოუგვარებელი რჩება. ამის შესახებ “აიპრესი” წერს.

მოსახლეობას განსაკუთრებით ზაფხულის დადგომის ეშინია, რადგან ტემპერატურის მატებას თან ახლავს მძაფრი, უსიამოვნო სუნი და ინფექციების გავრცელების რისკი.

სოფლებში ამბობენ, რომ ხევებთან ახლოს ხშირად გადაადგილება შინაური პირუტყვი, რა დროსაც ცხოველები ბალახთან ერთად ნარჩენებითაც იკვებებიან. თელავის მუნიციპალიტეტის მერის თქმით, პრობლემა საკმაოდ მასშტაბურია.

,,პრობლემას ვიცნობ და მის მოსაგვარებლად უახლოეს პერიოდში გადავდგამთ კონკრეტულ ნაბიჯებს. მოსახლეობის დაჯარიმების რამდენიმე ფაქტი დაფიქსირდა, თუმცა ხალხი ნაგავს ძირითადად ღამის საათებში ყრის ხევებში, რის გამოც ყველა შემთხვევაზე სანქციების გაცემა ფიზიკურად შეუძლებელია. ამ ეტაპზე მუნიციპალიტეტის სოფლებში სტიქიური ნაგავსაყრელების მონიტორინგი მიმდინარეობს და დასუფთავდება ყველა ის ტერიტორია, სადაც ყველაზე რთული ვითარებაა. დასუფთავების სამუშაოებისთვის ბიუჯეტიდან 50 000 ლარია გამოყოფილი. ასევე, გამოცხადდება ტენდერი და გამარჯვებული კომპანია ხევების დასუფთავებას უახლოეს მომავალში დაიწყებს”, – განაცხადა ნარეკლიშვილმა.