თელავის მერის წარმომადგენლის 7 პოზიციაზე კონკურსი გამოცხადდა

1118

7 ადმინისტრაციულ ერთეულში თელავის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენლების პოზიციაზე კონკურსი გამოცხადდა. თელავის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსის ნინო აფციაურის თქმით, წარმომადგენლების ერთ-ერთი ფუნქცია იქნება სოფლებში არსებული პრობლემებისა და მათი შესაძლო გადაწყვეტის გზების შესახებ მერისთვის ინფორმაციის მიწოდება. ამის შესახებ “კახეთის ხმა” წერს.

ნინო აფციაურის ინფორმაციით, კონკურსი სამ ეტაპად ჩატარდება, რომელიც განაცხადების გადარჩევას, ზეპირ დავალებასა და გასაუბრებას გულისხმობს.

„აუცილებელია, რომ კონკურსში მონაწილეობის მსურველს ჰქონდეს უმაღლესი განათლება და მინიმუმ 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება. სოფლებში მერის წარმომადგენლებს სპეციალური კომისია შეარჩევს. დამატებითი მოთხოვნაა მუშაობის არანაკლებ 2 წლის გამოცდილება ინფრასტრუქტურის განვითარების, იურიდიული ან სოფლის მეურნეობის დარგში. განაცხადების მიღება 20 აპრილს დასრულდება“, – განაცხადა ნინო აფციაურმა.

მისი ინფორმაციით, თელავის მუნიციპალიტეტის სოფლებში მერის წარმომადგენლის თანამდებობრივი სარგო 1100 ლარია. ამჟამად ამ პოზიციაზე 7 ადმინისტრაციულ ერთეულში მოვალეობას სპეციალისტები ასრულებენ.