გორის მუნიციპალიტეტის მერიის „განათლების ხელშეწყობისა და თანადაფინანსების პროგრამით“ მიმდინარე წელს 4 პროექტი დაფინანსდა, რისთვისაც ადგილობრივი ბიუჯეტიდან 22 400 ლარი დაიხარჯა. აღნიშნული პროექტები წარმოადგენს კერძო და საჯარო სკოლების, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და სხვა დაინტერესებული უწყებების მიერ შემოთავაზებულ ინიციატივებს, რომელთა განხორციელებას გორის მერია ფინანსური მონაწილეობით უწყობს ხელს. ინფორმაციას გორის მერია ავრცელებს.
მერიის ცნობით, პროექტები ორიენტირებულია მოსწავლე-ახალგაზრდობის ინტერესებზე, აქტუალური თემების წამოწევასა და პროექტების დაგეგმვა-პრეზენტაციაზე, რაც ხელს უწყობს ახალგაზრდების ჩართულობის გაზრდას, მათი ცნობიერებისა და მოტივაციის ამაღლებას.
პროგრამის ფარგლებში, გაიცემა ერთჯერადი ფინანსური წახალისება ერთიან ეროვნულ გამოცდებში ყველაზე მაღალი რეიტინგის მქონე აბიტურიენტებისათვის, ასევე, პროგრამით უზრუნველყოფილია საერთაშორისო საგანმანათლებლო კონკურსებში, კონფერენციებსა და ოლიმპიადებში გამარჯვებული მოსწავლეების დაჯილდოვებაც.
„განათლების ხელშეწყობისა და თანადაფინანსების მუნიციპალური პროგრამით“ სარგებლობა შეუძლია ნებისმიერ დაინტერესებულ საჯარო სამართლის ან კერძო სამართლის იურიდიულ პირს, რომელიც მერიაში წარადგენს საინტერესო ინიციატივას საგანმანათლებლო პროექტის სახით და მიიღებს მონაწილეობას პროექტის განხორციელებაში შესაბამისი მატერიალურ-ტექნიკური, ფინანსური, შრომითი ან ადამიანური რესურსით.