ასპინძის მერიამ, ინფრასტრუქტურის სამინისტროს დახმარებით, სოფელ რუსთავში სასმელი წყლის მიწოდებისთვის ორი პროექტი შეიმუშავა: ერთი სოფელ ოშორის მთებიდან ჩამონადენი წყლების შეკრება, მეორე კი მტკვრის სანაპიროზე ჭაბურღილის დამონტაჟება. ინფორმაციას “სამხრეთის კარიბჭე” ავრცელებს.
ასპინძის მერიის ცნობით, ოშორის წყლების შეკრების შემთხვევაში, ოშორელებს წყლის დებეტი მნიშვნელოვნად შეუმცირდებათ, ამიტომ მეორე პროექტის, ჭაბურღილის გაკეთება იგეგმება.
ოშორის მთებიდან წყლების შეკრება თვითმმართველობას 2 700 000 ათასი ლარი, ჭაბურღილის გაკეთება კი 1 800 000 ლარი დაუჯდება. თუმცა, სოფელში ადგილობრივები ამბობენ, რომ თუ ახლა თანხა დაიზოგება, მერიას მომავალში ჭაბურღილის შენახვაში მეტის გადახდა მოუხდება. თუმცა, ეს არაა ერთადერთი არგუმენტი რის გამოც რუსთაველები შერჩეული პროექტის განხორციელებას ეწინააღმდეგებიან. მათი თქმით ჭაბურღილი ხარჯიანია რადგან ხშირად ფუჭდება. ამასთან, ამბობენ, რომ სოფელ რუსთავთან ახლოს „მტკვარი ჰესის“ მშენებლობის გამო, შესაძლოა, მდინარეში წყალი შემცირდეს, ჭაბურღილმა კი ამის გამო მუშაობა შეწყვიტოს.
უკვე ერთი წელია, რუსთავში 155 ოჯახი სასმელი წყლის გარეშეა დარჩენილი. სოფელს სასმელი წყლის მიწოდება გასული წლის მაისში შეუწყდა. ადგილობრივებმა ეს ფაქტი ჰესისთვის გვირაბის გათხრას დაუკავშირეს.