ბათუმში, მესხის ქუჩაზე საპროტესტო აქციაა. ქუჩის ერთ-ერთ ჩიხში მცხოვრებლები გზის, სანიაღვრე არხის, გარე განათებისა და წყალკანალიზაციის სისტემის მოწესრიგებას ითხოვენ. ისინი ამბობენ, რომ დასახლებაში ცხოვრება გაუსაძლისია, კარგ ამინდში მტვერი, წვიმის დროს კი ტალახი აწუხებთ. ინფორმაციას imedinews.ge ავრცელებს.
მათივე თქმით, არ დაწყებულა ქუჩის გაზიფიცირება, ამ ყველაფრის მიზეზი კი ის არის, რომ დღემდე ვერ გაირკვა, გადის თუ არა ტერიტორიაზე ავტობანი. აქციის მონაწილეების თქმით, ბათუმის მერიას არაერთხელ მიმართეს თუმცა უშედეგოდ.
“ყველა პრობლემაზე 8 წელია დავდივართ მერიაში, ვერ გავარკვიეთ, გადის თუ არა ჩვენთან ავტობანი, ამის გამო კი მერია ამ უბანში არაფერს აკეთებს, ურთულეს პირობებში ვცხოვრობთ, ვერაფერს ვაშენებთ, რადგან არაფრის ნებართვას არ გვაძლევენ, სრულ გაურკვევლობაში ვართ, სახლებიც ვერ დაგვისრულებია და ვერ გაგვიფორმებია”-ამბობს აქციის მონაწილე ირმა შაინიძე.
პრობლემების მოუგვარებლობის შემთხვევაში ქუჩის მცხოვრებლები ცენტრალური ავტომაგისტრალის გადაკეტვით იმუქრებიან.