თიანეთის მუნიციპალიტეტში წყლის რამდენიმე ჭაბურღილი მოეწყობა

1974

თიანეთის მუნიციპალიტეტში წყლის რამდენიმე ჭაბურღილი მოეწყობა. ინფორმაციას თიანეთის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

მიმდინარე წელს, რეგიონში განსახორციელებლი პროექტების ფონდიდან გამოყოფილია 300 000 ლარის ოდენობის თანხა.

წყალმომარაგების გაუმჯობესების მიზნით მოხდება რამდენიმე ჭაბურღილის და სასმელი წყლის შიდა ქსელის მოწყობა.

145 000 ლარი გამოყოფილია ღულელების ადმინისტრაციულ ერთეულში ორი ჭაბურღილის მოწყობისათვის, რომელიც თანამედროვე სტანდარტებზე იქნება გათვლილი. ასევე ღულელებში მოხდება სასმელი წყლის შიდა ქსელის მოწყობა.

წყაროთუბანში, ხადოელებსა და გუდანელების უბნებზე მოეწყობა მეორე ჭაბურღილი, რომლის გაკეთების შემდეგადაც მოსახლეობა უწყვეტ რეჟიმში მიიღებს სასმელ წყალს. ზემოთ აღნიშნულ უბნებზე გამოყოფილია 100 000 ლარის ოდენობის თანხა.

ასევე, იგეგმება ხევსოფლის ადმინისტრაციულ ერთეულში კერძოდ, სოფელ დევენაანთხევზე შიდა დაქსელვა, რომლის ღირებულებაც 50 000 ლარს შეადგენს.

სამუშაოების დასრულების შემდეგ ზემოთ აღნიშნული სოფლების მაცხოვრებლები უწყვეტ რეჟიმში შეძლებენ სასმელი წყლით სარგებლობას.