ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციის (NATO) დაარსებიდან 69 წლის იუბილესთან დაკავშირებით, თბილისის ანძა და თელავის ბატონის ციხის გალავანი ნატოს დროშის ფერებში გაანათეს.
შეგახსენებთ, რომ 1949 წლის 4 აპრილს 12-მა მოკავშირე ქვეყანამ ვაშინგტონში, ნატოს ფუძემდებლურ ხელშეკრულებას მოაწერა ხელი. ამ ხელშეკრულების თანახმად ალიანსის წევრები ერთი მიზნით გაერთიანდნენ, რომ ერთობლივად უზრუნველჰყონ კოლექტიური უსაფრთხოება.
დღეისათვის, ნატო არის ჩრდილოეთ ამერიკისა და ევროპის 28 სახელმწიფოსგან შემდგარი სამხედრო-პოლიტიკური ალიანსი. 69 წლის შემდეგაც, მისი ძირითადი ამოცანაა წევრი ქვეყნების თავისუფლებისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფა როგორც პოლიტიკური, ისე სამხედრო თვალსაზრისით. იგი იცავს მოკავშირეების დემოკრატიის საერთო ფასეულობებს, პიროვნების თავისუფლებას, კანონის უზენაესობას და უზრუნველყოფს კონფლიქტების მშვიდობიანად მოგვარებას. ნატო წარმოადგენს ფორუმს, სადაც მოკავშირეებს შეუძლიათ, განიხილონ უსაფრთხოების საკითხები და ერთობლივად იმოქმედონ.
ნატოს წევრი ქვეყნები ინარჩუნებენ სრულ დამოუკიდებლობას და სუვერენიტეტს. ალიანსში ყველა გადაწყვეტილება მიიღება წევრი ქვეყნების მიერ კონსესუსის საფუძველზე. ალიანსში გადაწყვეტილებების მთავარი მიმღები ორგანოა ჩრდილოატლანტიკური საბჭო, რომლის სხდომებს ნატო-ს გენერალური მდივანი ხელმძღვანელობს.