მცხეთაში ევროკავშირის ინიციატივის – ”შემოქმედებითი ქალაქები და რეგიონები“ პრეზენტაცია გაიმართება

902

მცხეთაში ხვალ ევროკავშირის ინიციატივის – “შემოქმედებითი ქალაქები და რეგიონების” პრეზენტაცია გაიმართება.

აღსანიშნავია, რომ პროექტს ევროკავშირის პროგრამა „კულტურა და შემოქმედებითობა“ ახორციელებს.

როგორც “ინტერპრესნიუსს” ღონისძიების ორგანიზატორებმა აცნობეს, პრეზენტაციაში მონაწილეობას მიიღებენ ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, კულტურის ექსპერტები, შემოქმედებითი სექტორის წარმომადგენლები.

ღონისძიება ევროკავშირის ინიციატივის პრეზენტაციით დაიწყება, რა დროსაც შეხვედრის მონაწილეებს მიეწოდებათ ინფორმაცია შემოქმედებითი და კულტურული ინდუსტრიების, შემოქმედებითი სექტორის განვითარების საერთაშორისო პრაქტიკის, პროგრამის ფარგლებში დაგეგმილი კვლევებისა და ასევე იმის შესახებ, თუ რა მეთოდიკა გამოიყენება სამოქმედო გეგმების შედგენისას.

პრეზენტაციის შემდეგ გაიმართება დისკუსია და სამუშაო ჯგუფებში შემდგომ საქმიანობასთან დაკავშირებული საკითხების განხილვა.

“მცხეთა-მთიანეთის რეგიონი, ისევე როგორც აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების ხუთი სხვა რეგიონი და ქალაქი, ევროკავშირის პროგრამა “კულტურა და შემოქმედებითობის” ინიციატივა “შემოქმედებითი ქალაქები და რეგიონებში” მონაწილეობისთვის შეირჩა.

პროექტის ფარგლებში, რომლის მიზანიცაა აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების მცირე და საშუალო ქალაქებსა და რეგიონებში შემოქმედებითი პოტენციალის ამაღლება, მისი მონაწილეები მიიღებენ ადგილობრივი შემოქმედებითი ინდუსტრიების განვითარებისთვის კონკრეტულ სამოქმედო გეგმას.

შერჩეულ ქალაქებსა და რეგიონებში ჩატარდება მათი კულტურული და შემოქმედებითი რესურსების შესწავლა, ჩამოყალიბდება შემოქმედებითი სექტორის განვითარების გეგმები, უზრუნველყოფილი იქნება აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონში პოპულარიზაცია და პრომოუტირება და საერთაშორისო ექსპერტებთან მუშაობის შესაძლებლობა”, – განმარტავენ ღონისძიების ორგანიზატორები.

წყარო: ინტერპრესნიუსი