ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერიამ ახალშობილთა და მრავალშვილიანთა ოჯახების ფინანსური დახმარების პროგრამის განხორციელება დაიწყო. პროგრამის მიზანი შობადობის გაზრდის და დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესების ხელშეწყობაა. ინფორმაციას მთის ამბები ავრცელებს.
- სოციალური პროგრამის ფარგლებში პირველ და მეორე ახალშობილზე ერთჯერადად გაიცემა 400 ლარი;
- მესამე და მომდევნო ახალშობილზე – 450 ლარი;
- ტყუპი ახალშობილების შეძენის შემთხვევაში – 900 ლარი;
- ამბროლაურის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ მრავალშვილიან (სამი და მეტი 18 წლამდე ასაკის ბავშვი) ოჯახებზე ერთჯერადი ფინანსური დახმარების სახით – 400 ლარი.
მერიის სოციალური სამსახურის უფროსის მერაბ გეწაძის განცხადებით, მუნიციპალიტეტის 2018 წლის ბიუჯეტში პროგრამისთვის 50 ათასი ლარია გათვალისწინებული.
2015 წლის 16 ივლისს საქართველოს პარლამენტმა „მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ“ კანონი მიიღო, რომელიც ეტაპობრივად შევიდა ძალაში. მაღალმთიან დასახლებებში მუდმივად მცხოვრებ მოქალაქეებს ახალდაბადებულ ბავშვზე 1 წლის განმავლობაში ყოველთვიურად ეძლევათ ფულადი დახმარება არანაკლებ 100 ლარის ოდენობით, ხოლო მესამე და ყოველ შემდგომ ბავშვზე – 2 წლის განმავლობაში გაიცემა არანაკლებ 200 ლარი.
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2017 წლის იანვრიდან ივნისის ჩათვლით, რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთში გარდაიცვალა 345 ადამიანი, დაიბადა მხოლოდ 114. ექვს თვეში გარდაცვლილთა რაოდენობა დაბადებულთა რაოდენობაზე 202 %-ით მეტია. ამბროლაურის, ლენტეხის, ონის და ცაგერის მუნიციპალიტეტებში, ოთხივე რაიონში ერთად, თვეში მხოლოდ 19 ბავშვი იბადება.
მოსახლეობის 2014 წლის აღწერის მიხედვით, ამბროლაურის მუნიციპალიტეტში სულ 11186 ადამიანი ცხოვრობს. აქედან 2047 ქალაქ ამბროლაურში, ხოლო 9139 სოფლებში.
2002 წლის აღწერის მონაცემებით კი, ამბროლაურის რაიონში 16075 ადამიანი ცხოვრობდა – ქალაქში 2541, ხოლო 13 534 სოფლებში. მოსახლეობა 4889 ადამიანით არის შემცირებული.