ზაზა გაბუნია: სოციალურ მეწარმეობასთან დაკავშირებით კანონის შემუშავებაა საჭირო

692

რეგიონული პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე ზაზა გაბუნია საქართველოში სოციალური მეწარმეობის განვითარების და საკანონმდებლო რეგულირების საკითხებთან დაკავშირებით არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებს შეხვდა. ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

„სოციალური მეწარმეობა დღეს არის ერთ-ერთი მზარდი და პოპულარული მიმართულება ევროპის მასშტაბით, რომელიც გარდა ბიზნეს ამოცანებისა, ამავდროულად ითვალისწინებს და გულისხმობს სოციალურ აქცენტებსაც და ჩვენი სოციალური გარემოს და სოციალური გამოწვევების გათვალისწინებით, მნიშვნელოვანია, რომ მხარდაჭერილი იყოს კანონპროექტი, რომელიც ყველა ამ საკითხის გათვალისწინებით იქნება ფორმულირებული“ – თქვა ზაზა გაბუნიამ შეხვედრაზე.

კომიტეტის თავმჯდომარის განცხადებით, სოციალური მეწარმეობა, როგორც მიმართულება დღეს აქტუალურია, თუმცა აწყდება გარკვეულ ბარიერებს, რომელთა დასაძლევად საჭიროა საკანონმდებლო ბაზის შემუშავება. მისივე თქმით, აუცილებელია შეიქმნას საკანონმდებლო ბაზა, რომელიც სოციალურ საქმიანობას სხვადასხვა მიმართულებით დაარეგულირებს.

ზაზა გაბუნიას თქმით, კანონში მკაფიოდ უნდა იყოს ასახული საწარმოს სოციალური მიზნები და გრანტებთან დაკავშირებით, შესაბამის კანონმდებლობაში ცვლილებების შეტანის საჭიროება, რათა ამ ტიპის საწარმოებმა კანონმდებლობით დათქმული და გათვალისწინებული შესაძლებლობებით ისარგებლონ და მეტი ხელმისაწვდომობა ჰქონდეთ ფინანსურ რესურსზე.