შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე პირთა სოციალური პაკეტი ინდექსაციის წესით გაანგარიშდება.
მთავრობამ პარლამენტს განსახილველად “სოციალური დახმარების შესახებ“ კანონში ცვლილების პროექტი წარუდგინა, რომლის მიხედვით, შემოღებული იქნება სოციალური პაკეტის ინდექსაციის იგივე პრინციპი, რაც 2021 წლიდან პენსიონერებისთვის მოქმედებს.
მთავრობის ინფორმაციით, კანონპროექტის მიღების შემთხვევაში, შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე პირებისა და შეზღუდული შეასძლებლობის სტატუსის მქონე ბავშვების სოციალური მდგომარეობა გაუმჯობესდება, რადგან მათთვის გათვალისწინებული სოციალური პაკეტის ოდენობის ყოველწლიური ზრდა გარანტირებული იქნება. კერძოდ, მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე პირებისთვის და შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე ბავშვებისთვის სოციალური პაკეტი 65 ლარით გაიზრდება, ხოლო სხვა კატეგორიის შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე პირთათვის სოციალური პაკეტის ოდენობა გაიზრდება 35 ლარით.
მთავრობის ცნობით, სოციალური პაკეტის ოდენობის ზრდა დაახლოებით 132 000 პირს შეეხება, რომელთა სოციალური პაკეტის ოდენობა 100 ლარიდან 419 ლარამდე მერყეობს.
“აღსანიშნავია, რომ პრაქტიკაში ეკონომიკური ზრდისა და ინფლაციის ფაქტობრივი მაჩვენებლების გათვალისწინებით, 2023 წელს სოციალური პაკეტი მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე პირებისთვის და შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე ბავშვებისთვის 65 ლარით, ხოლო სხვა კატეგორიის შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე პირთათვის – 35 ლარით გაიზრდება, თუმცა იმ შემთხვევაში, თუ ეკონომიკური ზრდისა და ინფლაციის მაჩვენებლები დაბალი იქნება, მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე პირებისთვის და შშმ ბავშვებისთვის გარანტირებული სოციალური პაკეტის ოდენობის ზრდა მინიმუმ 25 ლარი, ხოლო ყველა სხვა შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე პირებისთვის – 20 ლარი იქნება“, – აღნიშნულია პროექტის განმარტებით ბარათში.