“ბათუმის მუნიციპალური ავტოპარკი განახლდება და მას 40 ახალი ავტობუსი შეემატება, – ამის შესახებ ბათუმის მერმა ლაშა კომახიძემ “საქმიანი დილის” ეთრში განაცხადა. ინფორმაციას bm.ge ავრცელებს.
“ჩვენ უკვე დავიწყეთ ქალაქის მუნიციპალური ავტოპარკის განახლება, რამოდენიმე დღის უკან დამთავრდა ტენდერი, მიმდინარეობს ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის მიერ სატენდერო დოკუმენტაციის შესწავლა და ვფიქრობ, რომ ძალიან მალე ბათუმს 40 ახალი ადაპტირებული, ევრო ხუთ დიზელზე მომუშავე ავტობუსი შეემატება, ასევე ძალიან მალე გამოვაცხადებთ ტენდერს ელექტროავტობუსებზე”, – განაცხადა ლაშა კომახიძემ.
ბათუმისთვის ახალი ავტობუსების შესაძენად გამოცხადებული ტენდერი მარტის შუა რიცხვებში დამთავრდა. პროექტისთვის 7 მილიონ ნახევარი ევროა გამოყოფილი. აქედან მილიონნახევრი გრანტის თანხაა, რომელიც ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა გამოყო. დარჩენილი 6 მილიონი კი დაბალპროცენტიანი სესხია, რომელიც სახელმწიფომ აზიის განვითარების ბანკისგან აიღო.