დღეს დამტკიცებული ცვლილების შესაბამისად, ბათუმის ბიუჯეტი ჯამში 437 ათას 200 ლარით გაიზარდა და 161 მილიონ 149 ათას 900 ლარს შეადგენს. ინფორმაციას ბათუმის მერია ავრცელებს.
დღეს საკრებულოს სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილებით, 2018 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ საკრებულოს 2017 წლის დადგენილებაში ცვლილება შევიდა, რაც საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილ ტრანსფერსა და მერიაში განხორციელებულ სტრუქტურულ ოპტიმიზაციას, ადმინისტრაციული ხარჯების შემცირებასა და ელექტრონული ტენდერების შედეგად დაფიქსირებულ ეკონომიებს უკავშირდება.
ცვლილების საფუძველზე მოხდება ახალი ქვეპროგრამებისა და ღონისძიებების დაფინანსება. მათ შორის:
1. ახალი სასწავლო წლიდან, დამატებით, თანამდებობრივი სარგოს 20 %-მდე გაიზრდება საბავშვო ბაღის აღმზრდელების, თანაშემწეებისა და ტექნიკური პერსონალის ხელფასები.
2. მიმდინარე წლის 1 ივლისიდან გაიზრდება შპს ,,ბათუმის ავტოტრანსპორტში” დასაქმებული მძღოლების შრომის ანაზღაურებაც, საათში 0,50 ლარის ოდენობით, 6,25 ლარამდე.
3. ასევე ახალი ქვეპროგრამაა დასაქმების ხელშეწყობა, რომლის ფარგლებშიც მოხდება შრომის ანაზღაურების ნაწილის დაფინანსება 8 თვის განმავლობაში, თვეში 200 ლარის ოდენობით, არაუმეტეს 30%-ისა. პროგრამისთვის 160 000 ლარია გათვალისწინებული და გათვლილია 100 ბენეფიციარზე.
4. მერიასა და მერიას დაქვემდებარებულ უწყებებში შენობების სახანძრო უსაფრთხოების ღონისძიებებისთვის ბიუჯეტში 2 800 ლარი იქნა გათვალისწინებული.