თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში მრჩეველთა საბჭოს თავმჯდომარე აირჩიეს

644

28 მარტს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერის სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს სხდომაზე საბჭოს წევრებმა ხმათა უმრავლესობით თავმჯდომარედ აირჩიეს არასამთავრობო ორგანიზაციის ,,საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ასოციაციის“ გამგეობის თავმჯდომარე გულიკო შოშიტაშვილი. ინფორმაციას თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

აღსანიშნავია, რომ მრჩეველთა საბჭოს ახალი შემადგენლობა დაკომპლექტდა არჩევნების გზით, მოსახლეობას საშუალება ჰქონდა საკუთარი თემიდან წარედგინა წევრობის კანდიდატი. საბჭოს შემადგენლობაში ასევე შედიან მეწარმე იურიდიული პირები, არასამთავრობო ორგანიზაციების და საგანმანათლებლო დაწესებულებების წარმომადგენლები.

საბჭო უფლებამოსილია მოამზადოს და განიხილოს წინადადებები შესაბამის თვითმმართველ ერთეულში არსებული პრობლემების და მათი შესაძლო გადაწყვეტის გზების შესახებ; თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის თვითმმართველობის ორგანოებიდან მიიღოს მუშაობისათვის საჭირო დოკუმენტები, ცნობები და მუშაობისათვის საჭირო სხვა მონაცემები; გამოხატოს დამოუკიდებელი პოზიცია თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის თვითმმართველობის ორგანოების საქმიანობის გამჭვირვალობისა და თვითმმართველობის განხორციელებაში მოქალაქეთა მონაწილეობის მიმართ; მონაწილეობა მიიღოს თვითმმართველი ერთეულის მოსახლეობის გამოკითხვების და საზოგადოებრივი განხილვების ჩატარების ორგანიზებაში; უზრუნველყოს სისტემატური ურთიერთობანი თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მოსახლეობასთან და მონაწილეობა მიიღოს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის პრიორიტეტების დოკუმენტის მომზადების პროცესში.