საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის ახალი მინისტრი მაია ცქიტიშვილი, 2012 წლიდან დღემდე, მთავრობის ადმინისტრაციას ხელმძღვანელობდა. ამ პოსტზე მისი ანაზღაურება მედიის ყურადღების ქვეშ რამდენჯერმე მოექცა. როგორც აღმოჩნდა, ცქიტიშვილი პრემიერ-მინისტრზე მეტ ანაზღაურებას იღებდა.
რა ქონებით მოდის ცქიტიშვილი ახალ თანამდებობაზე, droa.ge-მ მისი 2018 წელს შევსებულ დეკლარაციას გადახედა.
ჭავჭავაძის გამზირზე ორას კვადრატულამდე ფართის ბინა და აქვე კომერციული ობიექტები, საჯარო სამსახურში ყოფნის დროს ნაჩუქარი სახლი და მიწის ნაკვეთები კოჯორში, 2017 წელს ხელფასის სახით აღებული 94500 ლარი, 2009 წლის Mitsubishi Pajero, „ლიბერთი ბანკის“ და სხვა კომპანიის აქციები და მეუღლის მიერ განხორციელებული საბანკო ოპერაციები – ეს არის მოკლე ნუსხა იმ უძრავი და მოძრავი ქონების, რასაც მთავრობის ადმინისტრაციის ყოფილი უფროსი და ახლა უკვე ინფრასტრუქტურის მინისტრი, მაია ცქიტიშვილი, მის მიერ შევსებული დეკლარაციის მიხედვით ფლობს.
დეკლარაცია 2018 წლის 29 იანვრით თარიღდება, გასული ერთი წლის ქონებრივ მდგომარეობას მოიცავს და აქ დაფიქსირებული მონაცემები მაქსიმალური სიზუსტით უნდა ასახავდეს მისი და მისი ოჯახის წევრების ქონებას.
აღსანიშნავია, რომ ის და მისი ოჯახი, დეკლარაციის მიხედვით, არ ფლობს არც ერთ ძვირადღირებულ ნახატს თუ სხვა სახის ხელოვნების ნიმუშს, რაც დამახასიათებელია „ქართული ოცნებისთვის“ და არ ფლობენ არც ბიტკოინებს.
მისი და მისი ოჯახის ქონება, დეკლარაციის მიხედვით, ასეთია: მაია ცქიტიშვილს ჰყავს მეუღლე – დავით ხატიაშვილი და დედა – თამარ ცქიტიშვილი, რომელიც მის ოჯახში ცხოვრობს. დეკლარაციაში შვილი მითითებული არ არის, რაც იმას ნიშნავს, რომ ის სრულწლოვანია და მასთან არ ცხოვრობს. თუმცა, დეკლარაციაში ფიქსირდება შვილის – ნატა ხატიაშვილის ანგარიშზე ჩარიცხული თანხები.
უძრავი ქონება
ბინა ვაკეში, რომელიც ჭავჭავაძის გამზირზე მდებარეობს, მაია ცქიტიშვილის სახელზეა და ის 2009 წელს 270 000 ლარად აქვს შეძენილი. ბინა 182,8 კვ. მეტრია. ამავე დროს, 12 642,5 ლარად აქვს ნაყიდი ავტოფარეხი, რომელიც იმავე მისამართზე მდებარეობს.
ის ასევე, ფლობს საცხოვრებელ სახლს და მიწის ორ ნაკვეთს კოჯორში, რომელიც მისთვის 2014 წელს უჩუქებიათ. სახლი 407,7 კვ. მეტრია, ერთი მიწის ნაკვეთი – 1528 კვ. მეტრი, მეორე მიწის ნაკვეთი კი – 2686 კვ. მეტრი.
მჩუქებელის ვინაობა დეკლარაციაში დაკონკრეტებული არ არის და არც ქონების ფასია მითითებული. თუმცა, კოჯორში მდებარე ძვირადღირებული საჩუქრები მას 2014 წელს აქვს მიღებული, ანუ მაშინ, რაც საჯარო სამსახურში მაღალი თანამდებობა ეკავა.
ავტომანქანები
ის, ასევე, ფლობს 2009 წელს გამოშვებულ Mitsubishi Pajero, 2009, DKH 100 მარკის ავმანქანას, რომელიც მისთვის, ასევე, 2014 წელს უჩუქებიათ. მჩუქებლის ვინაობა და მანქანის ფასი არც ამ შემთხვევაშია დაკონკრეტებული.
აღსანიშნავია, რომ დეკლარაციაში მხოლოდ ეს ერთი ავტომობილია დაფიქსირებული და არ არის მითითებული, მისი მეუღლე ან ოჯახის სხვა რომელიმე წევრი თუ ფლობს ავტომანქანას ან ავტომანქანებს.
მეუღლის ქონება
მაია ცქიტიშვილის მეუღლე – დავით ხატიაშვილი საკმაოდ ძვირადღირებული აქციების მფლობელია. მას 2008 წელს შეძენილი აქვს „ლიბერთი ბანკის“ 69 181 აქცია, თოთო 0.08 თეთრად. 2017 წელს კი, 150 090 ლარი ვალის სანაცვლოდ, მევალეს მისთვის კომპანია „ჯორჯიათრეიდის“ 150090 აქცია გადაუცია.
ანგარიშები
თავად მაია ცქიტიშვილს ამჟამად ბანკებში მხოლოდ ერთი მიმდინარე ანგარიში გააჩნია. დღეის მონაცემებით, მას „საქართევლოს ბანკში“ აქვს 582,17 ბრიტანული ფუნტი. ცქიტიშვილს ასევე აქვს კიდევ 2 მიმდინარე ანგარიში „საქართველოს ბანკსა“ და ბანკ „ქართუში“. თუმცა, დღეისათვის ორივე ანგარიშზე არანაირი თანხა არა აქვს.
მის მეუღლეს „საქართველოს ბანკში“ გააჩნია 4 მიმდინარე და 1 საკრედიტო ანგარიში. საკრედიტო ანგარიშზე მას 29 951,92 აშშ დოლარი აქვს. მიმდინარე ანგარიშებზე კი – 6 048,16 აშშ დოლარი, 4 949,31 აშშ დოლარი, 523,58 ბრიტანული ფუნტი და 11 924,19 ლარი. მას, ასევე, აქვს დანაზოგი 15 000 აშშ დოლარის ოდენობით, რომელიც არც ერთ ბანკში არაა დაფიქსირებული.
მისი დედის – თამარ ცქიტიშვილის საპენსიო ანგარიშზე კი, რომელიც „ლიბერთი ბანკში“ აქვს, 180 ლარია დაფიქსირებული.
სამეწარმეო საქმიანობა
მაია ცქიტიშვილი არის თბილისში, ჭავჭავაძის გამზირზე მდებარე კომერციული ობიექტის პარტნიორი, ის ამ ობიექტის 75%-ს ფლობს, სადაც საწარმოო კაპიტალის ოდენობად 36 000 ლარი არის მითითებული.
მისი მეუღლე არის რამდენიმე ობიექტის სრული ან წილობრივი მფლობელი. ეს ჩამონათვალი, დეკლარაციის მიხედვით, ასეთია:
- ჭავჭავაძის გამზირზე მდებარე შპს „ბილდინგ სოლუშენსის“ 100%-იანი წილი, რომლის 2017 წლის შემოსავლად 56 652,62 ლარი არის დაფიქსირებული;
- თბილისში, ფიროსმანის ქუჩაზე მდებარე შპს „მიკროკლიმატის“ 75%-იანი წილი, რომლის 2017 წლის შემოსავლად 163 811,25 ლარია მითითებული;
- თბილისში, ჭავჭავაძის გამზირზე მდებარე „ჯორჯიათრეიდის“ უვადო დირექტორი. წილის მფლობელობა არ არის მითითებული, მაგრამ სხვა გრაფაში ნახსენები აქვს, რომ ამ კომპანიის საკმაოდ დიდი რაოდენობის აქციების მფლობელია;
- შპს „თბილისის კომერციული ქონების“, რომელიც, ასევე, ჭავჭავაძის გამზირზე მდებარეობს, უვადო დირექტორია. აქ მისი პარტნიორი მისი მეუღლე – მაია ცქიტიშვილი და კიდევ ერთი პირია;
- ჭავჭავაძის გამზირზე მდებარე შპს „ბილდინგ სოლუშენსის“ უვადო დირექტორი. 2017 წლის შემოსავლად 6 875 ლარია მითითებული;
- ჭავჭავაძის გამზირზე მდებარე შპს „სავაჭრო ცენტრის“ 75%-იანი წილის მფლობელი. საწარმოო კაპიტალად 100 ლარია მითითებული. 2017 წლის შემოსავლად კი – ნული თეთრი;
- ამავე მისამართზე მდებარე მეორე სავაჭრო ცენტრის უვადო დირექტორია, სადაც, დეკლარაციის მიხედვით, წილს არ ფლობს. საწარმოო კაპიტალად აქაც 100 ლარია მითითებული.
შემოსავალი და გასავალი
დეკლარაციის მიხედვით, ამ სახის ოპერაციებს 2017 წელს მხოლოდ მაია ცქიტიშვილის მეუღლე – დავით ხატიაშვილი ახორციელებდა. მისი შემოსავალი, ძირითადად, ლარშია დაფიქსირებული, გასავალი კი – აშშ დოლარში. დეკლარაციაში ასეთი სულ 12 ოპერაციია დაფიქსირებული.
საერთო ჯამში, მისი შემოსავალი, დეკლარაციის მიხედვით, არის 193 312 ლარი და 10 000 აშშ დოლარი. გასავალი კი არის 47 546 აშშ დოლარი და 152 812 ლარი.
სხვა ხარჯები
მაია ცქიტიშვილს 2017 წელს შვილის – ნატა ხატიაშვილის ანგარიშზე ჩარიცხული აქვს 12 000 აშშ დოლარი, მის მეუღლეს კი – 47 000 აშშ დოლარი და 7 407 ბრიტანული ფუნტი.
მაია ცქიტიშვილს გადახდილი აქვს ქონების გადასახადი 3 299,19 ლარი და ნაყიდი აქვს ტანსაცმელი, რომლის საერთო ღირებულება 675 ევროა.
მის მეუღლეს მოგზაურობაში დაუხარჯავს 807 ბრიტანული ფუნტი და 5 705 ლარი. უყიდია კომპიუტერი 2 800 ლარად და ტელეფონი – 599 ბრიტანულ ფუნტად.