საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის ახალი მინისტრი მაია ცქიტიშვილი პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ამ თანამდებობაზე დღეს წარადგინა. ცქიტიშვილმა ინფრასტრუქტურის უკვე ყოფილი მინისტრი, ზურაბ ალავიძე შეცვალა.
მაია ცქიტიშვილი 1974 წლის 2 ივნისს თბილისში დაიბადა. 1991-1996 წლებში სწავლობდა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სპეციალობით საერთაშორისო ეკონომიკური ურთიერთობები.
1993 წელს პრაღაში, მეფე კარლის უნივერსიტეტში, გაიარა ჩეხური ენის კურსები, ხოლო 1993-1994 წლებში სწავლობდა პრაღის ეკონომიკის უმაღლეს სკოლაში საერთაშორისო ვაჭრობის ფაკულტეტზე.
2002 წელს სწავლა განაგრძო კავკასიის ბიზნესის სკოლაში.
1996 წელს მუშაობა დაიწყო საქართველოს დასაქმების გაერთიანებულ ფონდში გენერალური დირექტორის თანაშემწედ. 1997-2002 წლებში იყო ავიაკომპანია „საქართველოს ავიახაზების“ ჯერ კომერციული დირექტორის თანაშემწე, ხოლო შემდეგ ხელშეკრულებების განყოფილების უფროსი.
2002-2003 მუშაობდა ავიაკომპანია “Georgian Air” კომერციისა და ოპერაციების დეპარტამენტში უფროს მენეჯერად.
2003-2005 წლებში იყო შპს „ბურჯის“ ლოჯისტიკის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე, შემდეგ ლოჯისტიკის დეპარტამენტის უფროსი.
2005 წელს მუშაობა განაგრძო სს „ქართუ ჯგუფში“ პრეზიდენტის თანაშემწედ საერთაშორისო ურთიერთობებში.
2006 წელს იყო სს „ბაგები სითი ჯგუფი“ პროექტების მენეჯერი, ხოლო 2007-2008 წლებში სს „პარქთაუნის“ დირექტორი.
2009 წელს მუშაობა გააგრძელა შპს „ქართუ მენეჯმენტში“ დირექტორის თანამდებობაზე.
2012 წლის 1 ნოემბრიდან დღემდე კი იყო საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი.
მაია ცქიტიშვილი ფლობს ინგლისურ და რუსულ ენებს. ჰყავს მეუღლე და ქალიშვილი.