როგორ აპირებს ქუთაისის ხელისუფლება ტურისტების მოზიდვას

749

ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის ირაკლი შენგელიას განცხადებით, ქუთაისში, გასული წლის იანვარ-თებერვალთან შედარებით, მიმდინარე წელს ტურისტების რაოდენობა გაზრდილია. მისივე თქმით, 2017 წელს ყველაზე მეტი ტურისტი ქუთაისში პოლონეთიდან და გერმანიიდან შემოვიდა. ინფორმაციას top.news.ge ავრცელებს.

“თუ გადავხედავთ გასული წლების სტატისტიკას, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ტურისტების რაოდენობა ყოველწლიურად იზრდება. ტურიზმის სფეროში ადგილობრივი თვითმმართველობის ძალისხმევა უახლოესი წლების განმავლობაში ფოკუსირებული იქნება ორ მთავარ მიმართულებაზე:

1. მოვიზიდოთ ქალაქში რაც შეიძლება მეტი ტურისტი და 2. მაქსიმალურად გავაუმჯობესოთ ტურისტული ინფრასტრუქტურა, რათა ნებისმიერი ადამიანის მოგზაურობა ქალაქში სასიამოვნო და კომფორტული იყოს. ჩვენ, ადგილობრივი თვითმმართველობა ხელს შევუწყობთ ქუთაისში კულტურული ტურიზმის განვითარებას, რისთვისაც ქალაქი უმასპინძლებს მუსიკალურ, თეატრალურ და კინოფესტივალებს. ასევე, ადგილობრივი თვითმმართველბა ხელს შევუწყობთ ინფრატრუქტურული პროექტების განხორცილებას, რაც ქუთაისს უფრო მიმზიდველს გახდის როგორც ადგილობრივებისთვის ასევე, ტურისტებისთვის. ამ მიმართულებით უკვე დაგეგმილია თეთრი ხიდის რეაბილიტაცია და მიმდინარეობს გაპონოვის ქუჩის რეაბილიტაციის საპრექტო სამუშაოები”, – ამბობს ირაკლი შენგელია.

მისი თქმით, აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ ქუთაისის დავით აღმაშენებლის სახელობის აეროპორტს ახალი ტერმინალი და ახალი რეისები დაემატება: “ეს კი თავის მხრივ აისახება ქვეყნის კეთილდღეობაზე, გაუმჯობესდება ცხოვრების დონე და შექმნება მეტი ახალი სამუშაო ადგილი. ქალაქის ეკონომიკის ერთ-ერთი პერსპექტული მიმართულება ნამდვილად არის ტურიზმი, რომლის მნიშვნელობა დღითიდღე კიდევ უფრო იზრდება”, -ამბობს ირაკლი შენგელია.

მისივე თქმით, აღნიშნულ თემაზე არსებობს ბევრი საინტერესო იდეა, რომელსაც ქალაქის მერი ეტაპობრივად გააჟღერებს.