გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერიამ გარდაბნის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე უმეთვალყურეოდ დარჩენილი ძაღლების თავშესაფარში გადაყვანის მომსახურებაზე აუქციონის გარეშე ელექტრონული ტენდერი გამოაცხადა, სადაც ინდმეწარმე „გიორგი მაღლაფერიძემ“ გაიმარჯვა. ინფორმაციას გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.
ინდმეწარმე „გიორგი მაღლაფერიძემ“ სატენდერო დოკუმენტაციის თანახმად, საერთაშორისო სტანდარტების მოთხოვნების შესაბამისად, გარდაბნის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე უმეთვალყურეოდ დარჩენილი ძაღლების თავშესაფარში, საჭიროების შემთხვევაში კი ევთანაზიისა და ცხოველთა სამარხში გადაყვანა 2018 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით უნდა უზრუნველყოს.
თავშესაფარში გადაყვანილ ცხოველებს გამოკვლევები ჩაუტარდებათ, შემდეგ კი სტერილიზაცია, კასტრაცია, ვაქცინაცია და მარკირება.
მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული ცხოველები ბუნებრივ არეალში დაბრუნდებიან.
ვეტერინარის დასკვნის საფუძველზე, მძიმედ დაავადებულ ცხოველებს ჩაუტარდებათ ევთანაზია და მოხდება ცხოველთა ბიოთერმულ სამარხში გადაყვანა.
ხელშეკრულების თანახმად, ორგანიზაციამ ძაღლების დაჭერა თვეში სამჯერ უნდა განახორციელოს.