„სიტი პარკის“ გენერალური დირექტორი ბენიამინ ლაჰავი აცხადებს, რომ თბილისის მერიას კომპანიასთან ხელშეკრულების გაწყვეტა, შესაძლოა, 25 მილიონ ლარზე მეტი დაუჯდეს. ლაჰავის თქმით, 25 მილიონი ლარის შესახებ ხელშეკრულებაში არაფერია ნათქვამი, თუმცა დოკუმენტში დევს ფორმულა, რომლის მიხედვითაც პირგასამტეხლოს თანხა უნდა დაანგარიშდეს. ინფორმაციას IPN-ი ავრცელებს.
მთავარი რიცხვი მოდის ხელშეკრულებაში ჩადებული ფორმულის საფუძველზე, მაგრამ პირველ რიგში, უნდა დაისვას კითხვა, რა გზით წავალთ. თუ შეთანხმდება მხარეთა შორის, რომ პირგასამტეხლოს გადახდა უნდა მოხდეს, მარტივად შეიძლება ამის დათვლა ფორმულის მიხედვით, მაგრამ თუ მხარეთა შორის შეთანხმება ვერ მოხერხდება, ეს უფრო ძვირი დაუჯდება თბილისის მერიას. აუდიტორული კომპანია „ესტერიანგის“ მიერ ამ თანხის დათვლა არ იყო ჩვენი იდეა. დავით ნარმაინამ მიიღო ეს გადაწყვეტილება, მან მოიწვია აუდიტი და ჩაატარა კვლევა და მიიღო ის შედეგი, რაც მიიღო.
მათ გამოიყენეს ხელშეკრულებაში ჩასმული მექანიზმი, პრაქტიკაში მოიყვანეს ფორმულა, რომელიც იქ წერია და გამოიყვანეს ეს ციფრი. ამის შემდეგ მიაწოდეს მერიას. უკვე ჩართულები არიან პროცესში საერთაშორისო ორგანიზაციები, რომლებმაც კომპანიის უფლებები საერთაშორისო დონეზე უნდა დაიცვას და, რა თქმა უნდა, ეს უფრო ძვირი დაუჯდება მერიას“, – განაცხადა ლაჰავიმ.
თავის მხრივ, როგორც კომპანიის იურისტმა თამარ შუბითიძემ განმარტა, პირგასამტეხლოს თანხა მას შემდეგ უნდა დაითვალოს, რაც სასამართლო კომპანიის მიმართ დადებით გადაწყვეტილებას მიიღებს. „ეს პროცესი რამდენ ხანს გაგრძელდება არავინ იცის“, – აღნიშნა შუბითიძემ.
21 მარტს სიტი პარკმა ხელშეკრულების გაწყვეტის გადავადებაზე თბილისის მერიაში, კახა კალაძის სახელზე განაცხადი შეიტანა. იმავე დღეს მერმა თქვა, რომ ხელშეკრულება არ გადავადდება. ამასთან ცნობილია, რომ მერია პირგასამტეხლოს გადახდას არ აპირებს.
თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, თბილისის მერია 2018 წლის 10 აპრილიდან “სიტი პარკთან” კონტრაქტს წყვეტს. კომპანიასა და თბილისის მერიას შორის ხელშეკრულება 2007 წელს გაფორმდა და ის ძალაში 2024 წლის 31 დეკემბრამდე უნდა ყოფილიყო.