შუახევის მერია, უსახლკარო და სოციალურად დაუცველ ოჯახებს, რომლებსაც საცხოვრებელი სახლები სიძველისგან დაუზიანდათ, ხის სახლებს უყიდის. შუახევის მერიაში ბენეფიციართა განცხადებების მიღება უკვე დაიწყო. ინფორმაციას “აჭარის ტელევიზია” ავრცელებს.
შუახევის მერის მოადგილის ინფორმაციით, ერთი სახლის შესაძენად მაქსიმუმ 10 000 ლარია გათვალისწინებული. საცხოვრებლის გადასატანად ოჯახებს მერია დამატებით თანხას ჩაურიცხავს.
პროგრამაში ჩასართავად თვითმმართველობას გასულ წელს 46-მა ბენეფიციარმა მიმართა, მათგან 12 დაკმაყოფილდა. წელს ამ პროგრამისათვის ბიუჯეტში 100 ათასი ლარია გაწერილი, რომელიც 9 ბენეფიციარზე დაიხარჯება.