ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი პროექტის „სოფლის მდგრადი განვითარება თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში“ ფარგლებში, ასოციაცია სამხარეო განვითარება მომავალი საქართველოსთვის – RDFG და თეთრიწყაროს განვითარების ჯგუფი აცხადებს საგრანტო კონკურსის პირველ ეტაპს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში. ინფორმაციას “ევროკავშირი საქართველოსთვის” ავრცელებს.
საგრანტო კონკურსის მიზანია ხელი შეუწყოს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში ცხოვრების დონის გაუმჯობესებას, თეთრიწყაროს განვითარების ჯგუფის მიერ შემუშავებული, 2018 – 2022 წწ. ადგილობრივი განვითარების სტრატეგიით განსაზღვრული ამოცანებისა და პრიორიტეტების შესაბამისად, მათ შორის:
- გარემოსდაცვა, ბუნებრივი რესურსების მართვა და კატასტროფის რისკის შემცირება
- სასოფლო–სამეურნეო და არასასოფლო–სამეურნეო ინიციატივების კონკურენტუნარიანობისა და მოდერნიზების მხარდაჭერა
- სოფლადტურიზმის განვითარების ხელშეწყობა
- სოფლისინფრასტრუქტურის განვითარება/რეაბილიტაცია
საგრანტო კონკურსის ფარგლებში წარმოდგენილი განაცხადები უნდა შეესაბამებოდეს თეთრიწყაროს ადგილობრივი განვითარების სტრატეგიას და ხელს უწყობდეს მის განხორციელებას. სტრატეგიით განსაზღვრული პრიორიტეტების, მიზნებისა და ამოცანების, ასევე სავარაუდო აქტივობების შესახებ დეტალური ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ თეთრიწყაროს განვითარების ჯგუფის ვებგვერდზე (http://tetritskarolag.ge/strategy-ge/) ან მიიღოთ RDFG-ისა და თეთრიწყაროს განვითარების ჯგუფის ოფისში, სოფელი ჯორჯიაშვილი, ბოგვი-ჯორჯიაშვილის გზატკეცილი, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი.
საგრანტო კონკურსი მოიცავს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულს და მის ფარგლებში შემავალ ყველა თემსა და სოფელს. საგრანტო კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლია როგორც ფიზიკურ პირს/პირთა ჯგუფს, ასევე საქართველოში რეგისტრირებულ ნებისმიერ იურიდიულ პირსა და სახელმწიფო უწყებას/მის წარმომადგენლობებს, რომელიც თავის საქმიანობას ახორციელებს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე.
საგრანტო კონკურსის ფარგლებში თითოეულ პროექტზე შესაძლებელია მაქსიმუმ 60,000 და მინიმუმ 1,000 ევროს (ექვივალენტით ლარში) ოდენობის დაფინანსების მიღება. საგრანტო კონკურსში სავალდებულოა თანამონაწილეობა, რომლის ოდენობა იცვლება აპლიკაციის სახეობის მიხედვით:
- სოციალური პროექტები – პროექტის საერთო საინვესტიციო ღირებულების 10%
- სამეწარმეო პროექტები – პროექტის საერთო საინვესტიციო ღირებულების 30%
- საჯარო სექტორის პროექტები – პროექტის საერთო საინვესტიციო ღირებულების 40%
კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა პირველ ეტაპზე, უნდა წარმოადგინონ პროექტის იდეის განაცხადის ფორმა 2018 წლის 10 აპრილის, 18:00 საათამდე.
დამატებითი ინფორმაციისათვის იხილეთ ბმული.