გაეროს ელჩმა ირაკლი კობახიძეს დეცენტრალიზაციის პროცესში აქტიური მონაწილეობისთვის მადლობა გადაუხადა

813

წინა სტატია

პროექტის, „რეგიონული და ადგილობრივი განვითარების ხელშეწყობა საქართველოში – მეორე ფაზა“, გახსნით კონფერენციაზე სიტყვით რეგიონული განვითარების მინისტრი ზურაბ ალავიძე გამოვიდა.

ზურაბ ალავიძემ ახალი ინიციატივის პრიორიტეტებზე ისაუბრა. მისი თქმით, ახალი ინიციატივა მხარს უჭერს დეცენტრალიზაციისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ახალი ეროვნული ხედვის განხორციელებას, ადგილობრივი ეკონომიკური ხედვის განვითარებას და გადაწყვეტილებების მიღების პროცესში მოქალაქეთა ჩართულობის გაზრდას.

„იწყება თვისობრივად ახალი ეტაპი საქართველოს თვითმმართველობების განვითარებაში, პროექტის მეორე ფაზის დაწყება კი გულისხმობს პროექტის პირველი ფაზის წარმატებით დასრულებას და შემდგომი, უფრო მასშტაბური სამუშაოების საჭიროებას. ახალი ინიციატივა დაეხმარება საქართველოს განახორციელოს ადგილობრივი დეცენტრალიზაციის სტრატეგიის ამბიციური გეგმა,“-განაცხადა ზურაბ ალავიძემ.

გაეროს მუდმივმა კოორდინატორმა და გაეროს განვითარების პროგრამის მუდმივმა წარმომადგენელმა საქართველოში, ნილს სკოტმა, პარლამენტის თავმჯდომარეს მადლობა გადაუხადა დეცენტრალიზაციის პროცესში აქტიური მონაწილეობისთვის და ამ მიმართულებით არსებული ვალდებულებების შესრულებისთვის.

„ბატონო პარლამენტის თავმჯდომარე, მადლობა მინდა გადაგიხადოთ თქვენ იმ სერიოზული ვალდებულებებისთვის, რომელიც თქვენ საკუთარ თავზე აიღეთ დეცენტრალიზაციის მიმართულებით. დღეს ჩვენ ვიწყებთ ინიციატივას, რომელიც საქართველოს დაეხმარება ამბიციური ხედვა დეცენტრალიზაციის და ადგილობრივი ხელისუფლების მიმართულებით გახდეს რეალობა იმისთვის, რომ ვიმოძრაოთ წინ მდგრადი რეგიონული და ადგილობრივი განვითარების მიმართულებით, რაც გახლავთ უფრო დიდი დახმარების პროგრამის ნაწილი, რომელიც 2012 წელს დაიწყო“,-განაცხადა ნილს სკოტმა.

ღონისძიების მონაწილეებს მიმართეს გერჰარდ შაუმბერგერმა, სამხრეთ კავკასიაში ავსტრიის განვითარების სააგენტოს ოფისის ხელმძღვანელმა და ოლივიერ ბურკიმ,სამხრეთ კავკასიაში შვეიცარიის თანამშრომლობის ოფისის რეგიონულმა დირექტორმა. მათ ისაუბრეს ავსტრიისა და შვეციის გამოცდილებაზე რეგიონული და ადგილობრივი განვითრების სფეროში და ამ წარმატებული პრაქტიკის საქართველოში გამოყენების პერსპექტივებზე.

„ჩვენ, ავსტრიული მხარე სიამოვნებით შევუერთდით ადგილობრივი ხელისუფლების გაძლიერების პროექტის მეორე ფაზას. პირველ ფაზა წარმატებული აღმოჩნდა, მუნიციპალიტეტების გაძლიერების თვალსაზრისით. ჩვენ მთავარობის ხედვა გავიზიარეთ და ჩავთვალეთ, რომ ეს ყოველივე საკმაოდ კარგი წინაპირობაა იმისთვის, რომ ვიმუშაოთ უფრო წარმატებულად ადგილობრივ და რეგიონალურ დონეზე“,-აღნიშნა გერჰარდ შაუმბერგერმა.

„შვეიცარია გახლავთ ბრწყინვალე მაგალითი ძლიერი ადგილობრივი ხელისუფლების და მოხარულები ვართ გაგიზიაროთ აღნიშნული გამოცდილება, როგორც ჩვენი წვლილი იმაში, რომ საქართველომ საკუთარი დეცენტრალიზაციის პროცესი წარმართოს,“-განაცხადა ოლივიე ბურკიმ.

პრეზენტაცია პროექტის პირველი ფაზის მიღწევებსა და შედეგებზე და პროექტის მეორე ფაზის დაგეგმილ აქტივობებზე გაეროს განვითარების პროგრამის ხელმძღვანელმა საქართველოში, ნათია ნაცვლიშვილმა წარმოადგინა.

კონფერენციის ფარგლებში ასევე წარმოდგენილი იყო ქართულმა კვლევითი ორგანიზაციის „ეისითის“ მიერ ჩატარებული ფართომასშტაბიანი კვლევა, რომელშიც შეჯამებულია საქართველოს მოქალაქეთა დამოკიდებულება ადგილობრივი მუნიციპალიტეტებისა და ცენტრალური ხელისუფლების მიერ განხორციელებული საზოგადოებრივი მომსახურების მიმართ. კვლევის შედეგები შედარებულია 2023 და 2015 წლებში ჩატარებულ ანალოგიური კვლევის მიგნებებთან და წარმოდგენილია რეკომენდაციები ადგილობრივი ხელისუფლების მიმართ.

ღონისძიების დასასრულს, გაიმართა პროექტის ხელშეკრულებაზე ხელმოწერის ცერემონია – საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსა და საქართველოში გაეროს განვითარების პროგრამას შორის.

ღონისძიება გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP) ორგანიზებით, შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოსა (SDC) და ავსტრიის განვითარების თანამშრომლობის (ADC) ხელშეწყობით გაიმართა. ახალი ინიციატივის წარდგენას საქართველოს პარლამენტის მთავრობის, სამოქალაქო საზოგადოებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები და სახელმწიფო რწმუნებულ-გუბერნატორები ესწრებოდნენ.