საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე პროექტის, „რეგიონული და ადგილობრივი განვითარების ხელშეწყობა საქართველოში – მეორე ფაზა“, გახსნით კონფერენციაზე სიტყვით გამოვიდა.
მისი განცხადებით, ხელისუფლებას აქვს მყარად ჩამოყალიბებული ნება იმისა, რომ საქართველოში გაძლიერდეს ადგილობრივი თვითმმართველობის სისტემა და დეცენტრალიზაციის კომპლექსური და მასშტაბური რეფორმა განხორციელდეს.
„დეცენტრალიზაცია არის ის მიმართულება, რომელიც არის აუცილებლად გასატარებელი ჩვენი ქვეყნის მიერ. დეცენტრალიზაცია არის არა მხოლოდ მნიშვნელოვანი ქვეყნის განვითარებისათვის, არამედ არის აუცილებელი პირობა დემოკრატიული სისტემის, დემოკრატიული მმართველობის სისტემის გამართული ფუნქციონირებისათვის. აქედან გამომდინარე, ჩვენი განსაკუთრებული პასუხისმგებლობაა გავატაროთ რეფორმები ამ მიმართულებით,“- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, დეცენტრალიზაციას ესაჭიროება, პოლიტიკური ნება და ხელისუფლების ყველა შტოს აქვს ამ მიმართულებით, მასშტაბური და კომპლექსური რეფორმის განხორციელების მყარად ჩამოყალიბებული ნება.
„ყველამ კარგად ვიცით. პოლიტიკური ნების გარეშე შეუძლებელია წარმატების მიღწევა ამ სფეროში და მე მოხარული ვარ, რომ დღეს პოლიტიკური ნება არსებობს და ამ მიმართულებით არის ერთიანი ხელისუფლების ყველა შესაბამისი განშტოება, როგორც პარლამენტი, ასევე საქართველოს მთავრობა. არსებობს ძალიან მყარად ჩამოყალიბებული ნება იმისა, რომ საქართველოში გაძლიერდეს ადგილობრივი თვითმმართველობის სისტემა და საქართველოში განხორციელდეს, შესაბამისად, დეცენტრალიზაციის კომპლექსური და მასშტაბური რეფორმა.“-განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, რეგიონული განვითრებისა და თვითმმართველობის სფერო მისთვის პრიორიტეტულია. მან ამ მიმართულებით გაეროს განვითარების პროგრამასთან დაკავშირებული საკუთარი საქმიანი გამოცდილება გაიხსენა და თვითმმართველობების განვითარების საქმეში საერთაშორისო პარტნიორების უდიდესი წვლილი აღნიშნა.
„ჩვენთვის არის, ნამდვილად, პრიორიტეტული ეს სფერო. პრიორიტეტულია როგორც დეცენტრალიზაცია, ასევე, რეგიონული განვითარება და კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ ამ მიმართულებით არის ნამდვილად ფასდაუდებელი ჩვენი უცხოელი პარტნიორების წვლილი. ჩემთვის ეს დღე არის განსაკუთრებული მნიშვნელობის, გამომდინარე ჩემი გამოცდილებიდან, რომელიც მაკავშირებს გაეროს განვითარების პროგრამასთან. მინდა აღვნიშნო, რომ პირველი ფაზის პირველი მენეჯერი, ამ პროექტის პირველი მენეჯერი გახლდით სწორედ მე და მანამდე, მთლიანობაში, დაახლოებით რვა წელი მაქვს გატარებული გაეროს განვითარების პროგრამასთან ერთად და ჩვენ ერთად ვმუშაობდით დეცენტრალიზაციის თემაზე, ასევე რეგიონულ განვითარებაზე და ძალიან დიდი წვლილი აქვს შეტანილი გაეროს განვითარების პროგრამას იმაში, რომ მე ვარ ერთ-ერთი მთავარი ლობისტი დღეს საქართველოში როგორც რეგიონული განვითარების, ასევე დეცენტრალიზაციის. ჩემთვის, ნამდვილად, განსაკუთრებული მნიშვნელობის არის ეს თემა“-აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ რეგიონული და ადგილობრივი განვითარების სტრატეგიულ მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება. მან კომპლექსური სტრატეგიის შემუშავების მნიშვნელობაზე ისაუბრა, რომლის საფუძველზეც დეცენტარალიზაციის მიმართულებით კონკრეტული ნაბიჯები გადაიდგმება.
„ბუნებრივია, მხოლოდ პოლიტიკური ნება არ არის საკმარისი ამისათვის. პოლიტიკურ ნებასთან ერთად არის საჭირო სწორი ხედვის არსებობა და სწორი ხედვა უნდა ჩამოყალიბდეს შესაბამისი სტრატეგიის საფუძველზე. არის აუცილებელი კომპლექსური სტრატეგიის შემუშავება, რომლის საფუძველზეც გადაიდგმება კონკრეტული ნაბიჯები დეცენტრალიზაციის მიმართულებით და ასევე, რეგიონული განვითარების მიმართულებით. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამ პროექტის მეორე ფაზის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტი დაკავშირებული იქნება სწორედ შესაბამისი, სწორი ხედვის ჩამოყალიბებასთან“,-განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.