გენერალ მაზნიაშვილის სახლ-მუზეუმამდე მისასვლელი გზა მოასფალტდება

842

კასპის მერია სოფელ სასირეთში გენერალ მაზნიაშვილის სახლ-მუზეუმამდე მისასვლელი გზის მოასფალტებას აპირებს. ინფორმაციას შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი ავრცელებს.

“ამ ეტაპზე მიმდინარეობს პროექტირების სამუშაოები, რომლის დასრულების შემდეგ, ცნობილი გახდება, თუ რა დაჯდება აღნიშნული მონაკვეთის მოასფალტება” – აცხადებენ კასპის მერიაში. სახლ-მუზეუმი, გორი-მცხეთის საავტომობილო გზიდან, 850 მ მანძილითაა დაშორებული.

გიორგი მაზნიაშვილი სოფელ სასირეთში 1870 წლის 15 მარტს (ახალი სტილით 6 აპრილს) დაიბადა. გენერალი, საფრანგეთის ემიგრაციიდან დაბრუნების შემდეგ, სოფელში 1937 წლამდე ცხოვრობდა. რეპრესიების დროს, შვილთან ერთად დააკავეს და ორივე დახვრიტეს. დღემდე მისი საფლავიც არაა ცნობილი.

სოფელში მის სახელს უკავშირდება სასმელი წყლის გაყვანა, სკოლისა და საბავშვო ბაღის დაარსება. ის იყო დაუმარცხებელი გენერალი, მონაწილეობდა პირველ მსოფლიო ომში, რუსეთის მეფის კარზე, შემდეგ, მენშევიკური მთავრობის დროს (1918-1921 წწ) იბრძოდა ბოლშევიკების წინააღმდეგ და იცავდა საქართველო-სომხეთის საზღვარს. ბოლშევიკური მთავრობის დროს, 1921 წლის მარტში, თურქეთის წინააღმდეგ საბრძოლველად და ბათუმის დასაცავად, დახმარება, სწორედ, სთხოვეს.