პოლიტიკური პარტიებისთვის სავალდებულო გენდერული კვოტირება, პროპორციული საარჩევნო სისტემის გარდა, შესაძლოა, მაჟორიტარულ სისტემაზეც გავრცელდეს. ინფორმაციას IPN-ი ავრცელებს.
პარლამენტში, საინიციატივო ჯგუფის მიერ ინიცირებული საკანონმდებლო ცვლილებების თანახმად, რომელმაც საკომიტეტო მოსმენები უკვე გაირა და რომლის პლენარულ სხდომაზე განხილვა იგეგმება, საპარლამენტო და ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში პარტიული სიების წარდგენისას, პარტიებს ევალებათ დაიცვან სქესთა ბალანსი ისე, რომ პარტიულ სიაში ყოველი მეორე განსხვავებული სქესის კანდიდატი წარადგინონ. წინააღმდეგ შემთხვევაში, ცენტრალური საარჩევნო კომისია პარტიას უბრუნებს სიას ხარვეზის აღმოსაფხვრელად, ხოლო ხარვეზის აღმოუფხვრელობის შემთხვევაში, პარტია რეგისტრაციას ვერ გაივლის. გარდა ამისა, როგორც პარლამენტის, ასევე საკრებულოს წევრის მიერ მანდატზე უარის თქმის შემთხვევაში, მის ადგილს იკავებს იმავე სიაში რიგით მომდევნო იმავე სქესის კანდიდატი.
როგორც ცნობილია, გასულ კვირას მმართველმა გუნდმა აღნიშნული საკანონმდებლო ინიციატივა პრემიერ-მინისტრთან შეხვედრისას განიხილა. “ინტერპრესნიუსს“ ინფორმაციით, შედგა შეთანხმება კანონპროექტის იმგვარად კორექტირებაზე, რომ უშუალოდ პარტიულ სიაში (პროპორციული სისტემით) ყოველი მესამე კანდიდატი განსხვავებული სქესის წარმომადგენელი იყოს, ხოლო მაჟორიტარულ ოლქებთან მიმართებაში – ყოველი მეექვსე მაჟორიტარობის კანდიდატი. ეს კი იმას ნიშნავს, რომ პოლიტიკურ გაერთიანებას პარლამენტის 73 მაჟორიტარული ოლქიდან სულ მცირე 12 მაჟორიტარულ ოლქში განსხვავებული სქესის წარმომადგენლის წარდგენა მოუწევს.
უმრავლესობის დეპუტატმა, პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის წევრმა ზაქარია ქუცნაშვილმა “ინტერპრესნიუსს“ დაადასტურა, რომ “ქართული ოცნება“ მზად არის, სავალდებული კვოტირების სისტემა შეეხოს როგორც პროპორციულ საარჩევნო სისტემას, ასევე მაჟორიტარულ სისტემასაც.
“ქართული ოცნება“ მზად არის პოზიტიური დისკრიმინაციის აქტის შესადგენად, რაც უმრავლესობის ფორმატში გამართულ შეხვედრაზე დამსწრეთა უმრავლესობის მხრიდან დაფიქსირდა. ასევე დამსწრეთა უმრავლესობის აზრიდან გამომდინარე შემიძლია გითხრათ, რომ “ქართული ოცნება“ მზად არის, სავალდებული კვოტირების სისტემა შეეხოს არამხოლოდ პროპორციულ საარჩევნო სისტემას, არამედ მაჟორიტარულ საარჩევნო სისტემასაც. დეტალებზე მუშაობა მოგვიწევს, რა რაოდენობითა და როგორ შეიძლება მოხდეს სავალდებულო კვოტირება პროპორციული და მაჟორიტარული სისტემებისთვის, რათა ჯამში ეს არ იყოს პარლამენტის საერთო წევრთა საერთო რაოდენობის 25%-ზე ნაკლები“, – განაცხადა ქუცნაშვილმა.
უმრავლესობაში არიან დეპუტატები, რომლებიც სავალდებულო გენდერული კვოტირების შემოღებას მხარს არ უჭერენ.