თელავის მერიის ადმინისტრაციული შენობა შშმ პირებისთვის ადაპტირებული გახდება, – ამის შესახებ “კახეთის ხმას” თელავის მუნიციპალიტეტის მერმა განუცხადა.
შოთა ნარეკლიშვილის თქმით, შენობაში პანდუსების მოწყობა უახლოეს მომავალში დაიწყება.
“ადმინისტრაციული შენობა არ არის ადაპტირებული შშმ პირებისთვის, რომ ისინი შეხვედრაზე მოვიდნენ და მათთვის პრობლემური საკითხები ჩვენამდე მოიტანონ. გადავწყვიტეთ, რომ შენობას პანდუსი ჰქონდეს, სამუშაოები წელს დაიწყება და მალევე დასრულდება. გარდა ამისა, შშმ პირებისთვის, შენობის პირველ სართულზე, იგეგმება სპეციალური შეხვედრების ოთახის მოწყობაც, სადაც მოსულ ყველა მოქალაქეს შეხვდება მერი და მერიის ყველა თანამშრომელი’’,- თქვა შოთა ნარეკლიშვილმა.
დღეს თელავის მერმა მუშაობის 100 დღის ანგარიში წარადგინა.