სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტოს ვებ-გვერდზე www.acda.gov.ge რძის მწარმოებელი სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების მხარდამჭერ სახელმწიფო პროგრამაში რეგისტრაცია 26 მარტამდე გაგრძელდება.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცნობით, სახელმწიფო პროგრამა მოიცავს მსხვილფეხა და წვრილფეხა რქოსანი პირუტყვის (თხა, ცხვარი) დარგის კოოპერატივების ხელშეწყობას.
უწყების ინფორმაციით, ახელმწიფო პროგრამით გათვალისწინებული კრიტერიუმების დაკმაყოფილების შემთხვევაში მესაქონლეობის სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებს გადაეცემა სხვადასხვა სიმძლავრის რძის მიმღებ-გადამამუშავებელი აღჭურვილობა და ნედლი რძის კონტროლის საველე ლაბორატორიული ხელსაწყოები. პროგრამაში მონაწილე სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივები მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის ჯიშობრივი გაუმჯობესებისა და პროდუქტიულობის ამაღლების მიზნით მიიღებენ ხელოვნური განაყოფიერებისათვის საჭირო აღჭურვილობას. თუ კოოპერატივის ან/და მის მეპაიეების საკუთრებაშია არანაკლებ 200 სული თხა (ნეზვი), გადაეცემა 12 ადგილიანი საწველი და ყველის დამამზადებელი რძის საწარმოო აღჭურვილობა.
სახელმწიფო პროგრამაში ჩართული კოოპერატივის ვალდებულებას წარმოადგენს საწარმოს შენობა-ნაგებობის აშენება, რომელშიც განთავსდება კაპიტალური ინვესტირების ფარგლებში გადასაცემი დანადგარები.
მეცხვარეობის კოოპერატივებს თანადაფინანსებით ღირებულების 30%-ად, მობილური ტიპის 24 ადგილიანი საწველი აღჭურვილობის გადაეცემა, თუ კოპერატივს ან/და მის მეპაიე(ებ)ს საკუთრებაში გააჩნიათ არანაკლებ 1000 სული ცხვარი (ნერბი).
სამინისტროს განცხადებით, პროგრამაში ჩართულობით სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებს საშუალება ეძლევათ მოახდინონ რძის მიღება სტანდარტების დაცვით. რაც ხელს შეუწყობს საწარმოო ციკლის გაზრდით კოოპერატივების მეპაიეების შემოსავლების ზრდას.