თბილისის საკრებულოში განათლების და კულტურის კომისიის სხდომა გაიმართა, სადაც დეპუტატებმა ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს საქმიანობის სამი თვის ანგარიში განიხილეს. ანგარიში სააგენტოს დირექტორმა კახაბერ გვანცელაძემ წარადგინა.
თბილისის საკრებულოს ცნობით, ანგარიშში ყურადღება გამახვილდა მიმდინარე და დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე, ავარიული შენობების გამაგრება-რეაბილიტაციაზე, ბავშვთა უსაფრთხოების უზრუნველყოფაზე, სააგენტოს ინსტიტუციურ განვითარებაზე, ახალ სერვისებსა და პროექტებზე, რომლის დანერგვასა და განხორციელებას სააგენტო ახლო მომავალში გეგმავს.
განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარის თამარ ტალიაშვილის განაცხადებით, კომისია აგრძელებს სხდომის ფორმატში ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს მიერ განხორციელებული და დაგეგმილი საქმიანობის შესახებ ანგარიშის განხილვას.
„თბილისში 13 ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობა მიმდინარეობს, რომლებიც მომდევნო წელს ეტაპობრივად გაიხსნება. ახალი ბაღები ევროსტანდარტების შესაბამისი იქნება. ახალი ბაღების გარდა, 26-მდე საბავშვო ბაღის გამაგრება-აღდგენა იგეგმება. ინფრასტრუქტურული პროექტები ეტაპობრივად მოხსნის ჯგუფების გადატვირთულობის პრობლემას და გააუმჯობესებს ბაღების ხელმისაწვდომობას. ასევე, ჩვენი ერთ-ერთი პრიორიტეტი ამ სფეროში კვლავ რჩება ინკლუზიური მიმართულებით მუშაობა და სწავლების ახალი, თანამედროვე სტანდარტების დანერგვა“, – განაცხადა თამარ ტალიაშვილმა.