გორში არსებული საბავშვო ბაღების გაერთიანების პროცესი დაიწყო – პედაგოგები განცხადებებს წერენ

963

წინა სტატია

გორში არსებული 19 საბავშვო ბაღის გაერთიანების პროცესი დაიწყო. ამის თაობაზე გორის მუნიციპალიტეტის საკრებულომ გადაწყვეტილება 9 მარტს მიიღო. ინფორმაციას “შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი ავრცელებს.

დადგენილების მიღების შემდეგ, საბავშვო ბაღების ადმინისტრაციის თანამშრომლებმა და აღმზრდელებმა გათავისუფლების თაობაზე განცხადებები დაწერეს. დოკუმენტის მიხედვით, საბავშვო ბაღები შეერწყა ა(ა)იპ ,,სკოლამდელი აღზრდის სააგენტოს”, რომელიც 2018 წლის 12 იანვარს დაფუძნდა.

,,გორის მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული ა(ა)იპების, კერძოდ სკოლამდელი აღზრდის საჯარო დაწესებულებების ოპტიმალური და ეფექტური მართვისათვის საჭიროა მოხდეს მათი რეორგანიზაცია და ერთ იურიდიულ პირად ჩამოყალიბება, რაც ხელს შეუწყობს აღნიშნული სკოლამდელი აღზრდის საჯარო დაწესებულებების მართვის გაუმჯობესებას და უზრუნველყოფს მუნიციპალიტეტის ფინანსების ეკონომიურად და ეფექტურად ხარჯვას.” – აღნიშნავს გორის მერი კოტე თავზარაშვილი თავის განმარტებაში, რომელიც მან საკრებულოს წევრებს თანხმობის მისაღებად გაუგზავნა.

საკრებულოს წევრებმა გაერთიანება/შერწყმის თაობაზე მერს თანხმობა მისცეს. წესდების მიხედვით, ამჯერად, საბავშვო ბაღების ხელმძღვანელებს სკოლამდელი აღზრდის სააგენტოს დირექტორი დანიშნავს. მანამდე, ამას ქალაქის მერი აკეთებდა. სააგენტოს დირექტორი ლია კოვზიაშვილი ამბობს, რომ პროცესი ყოველგვარი კანონის დაცვით განხორციელდება, თუმცა, საბავშვო ბაგა-ბაღების პედაგოგები ამბობენ, რომ მათ განცხადებების დაწერას აიძულებენ, დირექტივა კი ბაღების მართვის სააგენტოსაგან მიიღეს.

საბავშო ბაღების პედაგოგები ამბობენ, რომ რეორგანიზაციით, ბაღების მართვის სააგენტო სკოლამდელ დაწესებულებებში აღმზრდელების რაოდენობის შემცირებას ცდილობს.