კომპანია სიტი პარკისთვის მულოდნელი აღმოჩნდა კონტრაქტის შეწყვეტა და ამის შესახებ ცნობილი გახდა მხოლოდ მერის სატელევიზო გამოსვლით. კომპანიას მიაჩნია, რომ ეს წარმოადგენს მერიის, როგორც კონტრაქტის მხარის მიერ გადადგმულ არაკეთილსინდისიერ და არაპროფესიონალურ ნაბიჯს. ინფორმაციას imedinews.ge ავრცელებს.
კომპანიისთვის, ასევე მიუღებელია მერიის აპელირება იმ საკითხზე, რომ სითი პარკი არღვევს ვალდებულებებს, ვინაიდან სწორედ ამ საკითხთან დაკავშირებით სასამართლოში მიმდინარეობს მერიის წინააღმდეგ ორი დავა, თუმცა არცერთი დავა დასრულებული არ არის და არ არსებობს სასამართლოს გადაწყვეტილება.
“მიუხედავად მერიის მიერ წარსულში გაკეთებული განცხადებისა, რომ საკითხს კანონის საფუძველზე გადაწყვეტდა, დღეს სახეზეა სრულიად განსხვავებული გადაწყვეტილება, რაც აშკარას ხდის მერიის მიზანმიმართულ უკანონო და არასამართლებრივ გადაწყვეტილებებს. მიგვაჩნია, რომ სასამართლო დავის პროცესში ასეთი უსაფუძვლო პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიღება შეუსაბამოა დემოკრატიის პრინციპებისათვის, რაც აზიანებს ქვეყნის საერთაშორისო იმიჯს.
კომპანიისათვის ცნობილი იყო, რომ არსებობდა სფეროს კონტროლის ასაღებად გარკვეული მაღალი თანამდებობის პირთა ინტერესები, და სამწუხაროა, რომ ქვეყანაში ამ ჯგუფის ინტერესები დგება კანონსა და სასამართლო გადაწყვეტილებებზე მაღლა.
კომპანია აუცილებლად მიმართავს ყველა სამართლებრივ გზას, მათ შორის საერთაშორისო დონეზე და დაიცავს თავის როგორც უცხოელი ბიზნეს ინვესტორის უფლებებს.
სამწუხაროა, რომ მერიის მიერ უსაფუძვლოდ მიღებული გადაწყვეტილებები დააზიანებს ქვეყნის იმიჯს საერთაშორისო დონეზე და ასევე ბიზნესურთიერთობებს საქართველოსა და ისრაელს შორის.
პოლიტიკური ქულების მოსაპოვებლად გაკეთებული განცხადება აუცილებლად იმოქმედებს კომპანიაში დასაქამებულთა სამუშაო გარემოზე. მერის მიერ პირდაპირ ეთერში გაკეთებულმა განცხადებამ რისკის ქვეშ დააყენა კომპანიაში მომუშავე საქართველოს მოქალაქეები, რომლებიც კანონის საფუძველზე ინსპექტირებენ დედაქალაქში”, – აცხადებენ სიტი პარკში.
კომპანიასა და თბილისის მერიას შორის ხელშეკრულება 2007 წელს გაფორმდა და ის ძალაში 2024 წლის 31 დეკემბრამდე უნდა ყოფილიყო.
თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, თბილისის მერია 2018 წლის 10 აპრილიდან “სიტი პარკთან” კონტრაქტს წყვეტს.