ბექა დავითულიანი: თუ სიტი პარკი სასამართლოში წავა, დავას მერია მოიგებს

687

წინა სტატია

თბილისის საკრებულოს უმრავლესობის დეპუტატები აცხადებენ, რომ მერიის მიზანი რომელიმე კერძო კომპანიის დაზარალება არ არის. მათი თქმით, მთავარია მოქალაქეების ინტერესები იყოს დაცული და სწორედ ამას ემსახურება “სიტი პარკთან” ხელშეკრულების გაწყვეტა. ინფორმაციას imedinews.ge ავრცელებს.

საკრებულოს უმრავლესობის წევრი, ბექა დავითულიანი აცხადებს, რომ თუკი “სიტი პარკი” გადაწყვეტილებას სასამართლოში გაასაჩივრებს, დავას მერია აუცილებლად მოიგებს. მისივე თქმით, ხელშეკრულბის გაწყვეტა გამოიწვია ამ კომპანიის მხრიდან აუცილებელი ვალდებულებების შეუსრულებლობამ და ხელშეკრულების პირობების უხეშად დარღვევამ.

უმრავლესობის წევრი ვატო შაქარიშვილი კი ფიქრობს, რომ “სიტი პარკის” მიზანი არა საპარკინგე ინფრასტრუქტურის მოწყობა, არამედ მეტი ჯარიმის დაწერა და საკუთარი შემოსავლების გაზრდა იყო.

კომპანიასა და თბილისის მერიას შორის ხელშეკრულება 2007 წელს გაფორმდა და ის ძალაში 2024 წლის 31 დეკემბრამდე უნდა ყოფილიყო.

თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, თბილისის მერია 2018 წლის 10 აპრილიდან “სიტი პარკთან” კონტრაქტს წყვეტს.