თბილისის ყოფილი მერი გიგი უგულავა სიტი პარკთან გაწყვეტილ ხელშეკრულებას ეხმიანება. მისი მოსაზრებით, ახლა მთავარია მერიის დღევანდელმა ადმინისტრაციამ საზოგადოებას წარუდგინოს გეგმა, თუ რას აპირებს 10 აპრილის შემდეგ. უგულავა მიიჩნევს, რომ თბილისის სატრანსპორტო კომპანია იმ დატვირთვისთვის არაა მზად, რაც მას „სიტი პარკთან“ ხელშეკრულების გაწყვეტის შემდეგ დაეკისრება. ინფორმაციას IPN-ი ავრცელებს.
თბილისის ყოფილი მერისა და „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის თქმით, საკრებულოში მათი ფრაქცია აუცილებლად დაიბარებს თბილისის სატრანსპორტო კომპანიას, რათა ცნობილი გახდეს ის გეგმა, თუ როგორი იქნება პარკირების სისტემა 10 აპრილის შემდეგ.
„ახლა მთავარი საკითხი არის ის, რომ უსწრაფესად და მე ვთხოვ ჩვენს ფრაქციას საკრებულოში დაიბაროს თბილისის სატრანსპორტო კომპანია და საზოგადოებას წარუდგინოს გეგმა, რას აპირებს თბილისის სატრანსპორტო კომპანია 10 აპრილის შემდეგ. მე მაქვს განცდა, რომ მერიის დღევანდელი ადმინისტრაცია, ამ სიმძიმისთვის ამ წუთას მოუმზადებელია და ჩვენ 10 აპრილის შემდეგ შეიძლება უბრალოდ ქაოსი მივიღოთ. მე ძალიან კარგად მესმის, რომ პარკინგის ინსპექტორები, მსოფლიოს არც ერთ ქალაქში, არავის, არასდროს არ უყვარს, თუმცა ეს არის აუცილებელი „ბოროტება“, რომელიც საჭიროა იმისთვის, რომ ქალაქმა იფუნქციონირებს და ელემენტარული წესრიგი იყოს. ყველაზე ცუდი წესრიგიც კი სჯობს ქაოსს და უწესრიგობას, რომელშიც ჩვენ ვიყავით 90-იანებში. დღეს შეიძლება კიდევ უფრო უარესი შედეგი მივიღოთ, ვინაიდან მანქანების რაოდენობა გაცილებით მეტია. ახლა მთავარია ჩვენ მერიას მოვთხოვოთ რას აპირებს, როგორ აპირებს, რა რესურსებით აპირებს და რა განსხვავება იქნება მასსა და „სითი პარკს“ შორის 10 აპრილის შემდეგ“, – განაცხადა უგულავამ.
კომპანიასა და თბილისის მერიას შორის ხელშეკრულება 2007 წელს გაფორმდა და ის ძალაში 2024 წლის 31 დეკემბრამდე უნდა ყოფილიყო.
თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, თბილისის მერია 2018 წლის 10 აპრილიდან “სიტი პარკთან” კონტრაქტს წყვეტს.