„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ აჭარის ორგანიზაციის წევრმა სოლომონ ბაჯელიძემ ბათუმში ახალი ბულვარის ტერიტორიაზე დაზიანებული ინფრასტრუქტურის შესახებ განაცხადა. მისი თქმით, ამ ადგილას ინფრასტრუქტურა განადგურებულია. ინფორმაციას IPN-ი ავრცელებს.
„ფილები ბალახისგან არ იწმინდება, შესაბამისად ისინი დაზიანებულია და პლაჟზე სრულად მოუწესრიგებელია ინფრასტრუქტურა, ადგილობრივი ხელისუფლება კი არ აწესრიგებს. მივმართავ შესაბამის უწყებებს, რომ გამოიჩინონ კეთილი ნება და ტურისტული ზონა დროულად მოაწესრიგონ. აეროპორტიდან წამოსულ ტურისტს მოუწესრიგებელი სივრცე ხვდება, რაც ვიზიტორთა რაოდენობაზე ცუდად აისახება“, – აცხადებს სოლომონ ბაჯელიძე.
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ განცხადებას ბათუმის ბულვარის ადმინისტრაციაში უპასუხეს. როგორც ისინი განმარტავენ, ახალი ბულვარის ტერიტორიაზე ფილების სარეაბილიტაციო სამუშაოები მომავალი კვირიდან დაიწყება და შესაბამის ტენდერი უკვე ჩატარდა. მათივე ცნობით, ახალ ბულვარში სარეაბილიტაციო სამუშაოებისთვის ბიუჯეტიდან 2 მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯება.