“ტფილისის ჰამქარის” წარმომადგენლის, ცირა ელისაშვილის განცხადებით, კომპანიები, რომლებიც გუდიაშვილის მოედნის რეაბილიტაციას ახორციელებენ, ნდობას არ იმსახურებენ. ამის შესახებ IPN-ი ავრცელებს.
როგორც ცირა ელისაშვილი ამბობს, პროცესი დაგვიანებულია, რადგან გუდიაშვილის მოედანზე 11 წლის განმავლობაში 3 შენობა დაინგრა. ელისაშვილი ითხოვს მერიამ სპეციალისტები მონიტორინგის პროცესში ჩართოს.
“როდესაც საზოგადოება 11 წლის განმავლობაში ველოდებოდით ამ დღეს, ვფიქრობ, რომ არასწორია, როდესაც თითოეულმა ჩვენგანმა ნახევარი საათით ადრე გავიგეთ, რომ 2 საათზე დაგეგმილი იყო ასეთი ღონისძიება. ეს პროცესი არის დაგვიანებული. 11 წლის განმავლობაში სამი შენობა გუდიაშვილის მოედანზე უკვე დავკარგეთ. ნდობა თბილისის განვითარების ფონდის მიმართ არის ნულის ტოლი, რადგან მათი რეპუტაცია ჩვენს თვალში შელახულია და ამას ადასტურებს აღმაშენებლის გამზირის რეაბილიტაცია. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ყოველდღიური მონიტორინგი უნდა გავუწიოთ სამუშაოებს, ვინაიდან ის კომპანიები, რომლებიც შერჩეულნი არიან “ინსის” და “ანაგის“ სახით, ეს ის კომპანიებია, რომლებიც აკეთებდნენ აღმაშენებლის და ახლა აკეთებენ ორბელიანის მოედნის რეაბილიტაციას. აქედან გამომდინარე, რისკები არსებობს და ჩვენ ვეცდებით , რომ ეს რისკები ნულამდე დავიყვანოთ, მაგრამ ამ შემთხვევაში მხარდაჭერა უნდა იყოს არა სიტყვიერი, არამედ რეალური თბილისის მერიის მხრიდან. უნდა შეიქმნას საზოგადოებრივი მონიტორინგის ჯგუფი, რომელსაც უნდა ჰქონდეს ლეგიტიმაცია”,- განაცხადა ცირა ელისაშვილმა.
8 მარტს გუდიაშვილის მოედნის რეაბილიტაციის პროექტის ბოლო ეტაპის პრეზენტაცია გაიმართა.
თბილისის განვითარების ფონდმა გუდიაშვილის მოედნისა და მისი მიმდებარე არეალის რეაბილიტაციის ბოლო ეტაპი 17 თებერვალს დაიწყო.
4 ეტაპი გუდიაშვილის მოედანზე უკვე დასრულებულია. ძეგლების კონსერვაციის, კომუნიკაციების შეცვლის და დაპროექტების შემდეგ იწყება აღდგენითი სამუშაოები.