ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ აფენსა და გიორგეთში სასოფლო-სამეურნეო სავარგულებთან მისასვლელი გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყო. ინფორმაციას “კახეთის ხმა” ავრცელებს.
ლაგოდეხის მერის, ჯონდო მდივნიშვილის განცხადებით, გზის საერთო სიგრძე 5005 მეტრია, რომელიც სოფელ გიორგეთისა და მდინარე კაბალის მიმდებარე სახნავ მიწებს შორის მდებარეობს და პარალერულად მდინარე შავწყალას მიყვება.
“ეს გზა ორივე თემის მცხოვრებლებს აკავშირებს სასოფლო-სამეურნეო სავარგულებთან და რეაბილიტაციის დასრულების შემდეგ ადგილობრივებს გადაადგილება გაუადვილდებათ. ახალი გზა ხელს შეუწყობს სოფლად სოფლის მეურნეობის განვითარებას მუნიციპალიტეტსა და სოფლებში”, – თქვა ჯონდო მდივნიშვილმა.
გზების რეაბილიტაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო მუნიციპალიტეტის თანადაფინანსებით ახორციელებს, რომლისთვისაც 600 000 ლარი დაიხარჯება.