დღეს პარლამენტში დეცენტრალიზაციის სტრატეგიულ ხედვას წარადგენენ

538

წინა სტატია

დღეს პარლამენტში ადგილობრივი თვითმმართველობისა და დეცენტრალიზაციის სტრატეგიული ხედვის პრეზენტაცია გაიმართება.

ახალ კონცეფციას პარლამენტის თავმჯდომარე და პრემიერმინისტრი წარადგენენ. ღონისძიებას მთავრობის, საკანონმდებლო ორგანოს, სამოქალაქო საზოგადოების, დიპლომატიური კორპუსისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები დაესწრებიან.

დეცენტრალიზაციისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ახალი ეროვნული ხედვა რეგიონული და ადგილობრივი განვითარების მიმდინარე რეფორმის ნაწილია, რომელსაც აქტიურად უჭერენ მხარს საქართველოს საერთაშორისო პარტნიორები, მათ შორის გაეროს განვითარების პროგრამა და შვეიცარიისა და ავსტრიის მთავრობები.

ეროვნული ხედვის წარდგენას სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის შემუშავება მოჰყვება, რომელსაც საქართველოს პარლამენტი 2018 წელს დაამტკიცებს.

2 თვის წინ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა, მთავრობის ახალი შემადგენლობის დამტკიცებისას, პარლამენტის ტრიბუნიდან დეცენტრალიზაციის გეგმაზე ისაუბრა. მან თქვა, რომ ხელისუფლებისათვის თვითმმართველობა და დეცენტრალიზაცია მმართველობითი ბლოკის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი სტატეგიული ხაზია და აქვე განმარტა, რომ დეცენტრალიზაციის პროცესი 10 წელს გასტანს.